FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   Login to check your private messagesLogin to check your private messages   LoginLogin 

გამოცდები

 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    ganatleba.org -> სასერტიფიკაციო გამოცდები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:26 am    წერილის სათაური: გამოცდები პასუხი ციტირებით

რა იგულისხმება მასწავლებლის "აკადემიურ ხარისხში"?
აკადემიურ ხარისხი, ეს არის ხარისხი, რომელიც მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უმაღლესი განათლების საფეხურის დამთავრებისას (კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ").
მასწავლებელთან მიმართებაში ტერმინი "აკადემიური ხარისხი" გულისხმობს პედაგოგის განათლებასა და კვალიფიკაციას. იმისათვის რომ მომავალში გახდე მასწავლებელი საჭიროა ბაკალავრის, მაგისტრის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი გათანაბრებული დოქტორის აკადემიურ ხარისხთან)ხარისხი.

მასწავლებლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები გაიზრდება თუ არა და გათვალისწინებული იქნება თუ არა მასწავლებელთა აკადემიური ხარისხი სამსახურში აყვანისას?
2010-2011 სასწავლო წლიდან “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.

მასწავლებლის რა კატეგორიები არსებობს. გთხოვთ განგვიმარტოთ 2000 წლამდე დაუსწრებელი განყოფილების კურსდამთავრებული რომელ კატეგორიას მიეკუთვნება?
პედაგოგის განათლება და კვალიფიკაცია მოიცავს ხუთ საფეხურს:
საშუალო განათლება;
პროფესიული განათლება;
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 5 წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი, 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება და 5 წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად გაცემული დიპლომი;
დოქტორის აკადემიური ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი
გათანაბრებული დოქტორის აკადემიურ ხარისხთან).
აქედან გამომდინარე, თუკი პიროვნებას მიღებული აქვს 5 წლიანი დაუსწრებელი პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დიპლომი 2000 წლის ჩათვლით, იგი უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

რას გულისხმობს მასწავლებელთა სტანდარტული ფორმა?
ალბათ, კითხვა ეხება მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს, რომელსაც ყველა მასწავლებელი უკლებლივ უნდა აკმაყოფილებდეს, ეთიკის სტანდარტებთან ერთად. ამ დოკუმენტის პროექტი მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ. მასში გამოყოფილია ის ძირითადი პოსტულატები, რომლებიც ყველა პედაგოგისთვის ერთიანია. ესენია: პროფესიულ ცოდნას, რაც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმას, განათლების სისტემა და პროფესიული ვალდებულებებს პედაგოგიური ცოდნისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირს; პროფესიული უნარ-ჩვევებს, რაშიც მოიაზრება: სწავლება და სწავლა, კლასის ორგანიზება და მართვა, მონიტორინგი, შემოწმება და შეფასება, პროფესიული კვლევა და პროფესიული ურთიერთობა; ასევე პროფესიული ღირებულებები და ვალდებულებები.
მასწავლებლის პროფესიული ეთიკური სტანდარტების პროექტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.mes.gov.ge

წელს შემცირდა იმ უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ აბიტურიენტები. არსებობს თუ არა მათი ზუსტი სია.ეროვნული გამოცდების ცენტრმა გამოსცა საინფორმაციო გაზეთი აბიტურიენტთათვის „ერთიანი ეროვნული გამოცდები 2007“. საინფორმაციო გამოცემაში მოცემულია ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ჩამონათვალი ფაკულტეტების, ჩასაბარებელი საგნების, ამ საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების, მისაღები კონტინგენტისა და სწავლების საფასურის მითითებით.
გაზეთში ასევე მოცემულია ინფორმაცია რეგისტრაციის, საგამოცდო პროცესის, გამოცდაზე ქცევის წესების, ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მიღების წესების შესახებ. გაზეთის საშუალებით აბიტურიენტები გაეცნობიან 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გათვალისწინებულ სიახლეებს. საინფორმაციო გამოცემას საქართველოს ყველა სკოლის მე–11 კლასელები უშუალოდ თავიანთ სკოლებში მიიღებენ. სკოლადამთავრებულებს მისი მიღება რესურსცენტრებში შეეძლებათ.

რა სახის და როგორი ტიპის განათლების სერტიფიკატი, ან დიპლომია საკმარისი მასწავლებლის საქმიანობისთვის?
მრავალ სკოლაში არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით გაკეთებულია დაშვებები, რომლის მიხედვითაც მასწავლებლად მუშაობის უფლება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ. კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" განსაზღვრულია ვადები, რომლის შემდეგაც ახალი კადრების მიღებისას ასეთი გამონაკლისები აღარ იქნება დაშვებული. 2010-2011 სასწავლო წლიდან ყველა აკრედიტირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი ექნება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული ექნება სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა. უკვე მოქმედმა მასწავლებლებმაც უნდა იზრუნონ თავიანთ პროფესიულ ზრდაზე, რომ მომავალში სკოლებში სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ.

მასწავლებელს, რომელსაც არ აქვს საათობრივი დატვირთვა (არის კლასის დამრიგებელი), შეუძლია თუ არა საგნობრივი გამოცდის ჩაბარება?
თუკი მასწავლებლობის მსურველ პიროვნებას აქვს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება, მას აქვს უფლება გავიდეს სერტიფიკატის მოსაპოვებელ გამოცდაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მას აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია და არა აქვს მუშაობის გამოცდილება, მან სკოლაში მაძიებლობის პერიოდი უნდა გაიაროს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოიპოვებს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლებას. ამ პროცედურების გავლის შემთხვევაში პიროვნება მიიღებს მასწავლებლის სერტიფიკატს.
დამრიგებლობა ისევე არის პედაგოგიური საქმიანობა, როგორც საგნის სწავლება. შესაბამისად, დამრიგებელიც ჩაითვლება მასწავლებლად და შესაბამისად განიხილება ისეთივე სტატუსით, როგორიც აქვთ სხვა მასწავლებლებს.

2008 წლის მასწავლებლის სერტიფიკაცია ცალ-ცალკე ჩატარდება სპეციალობასა და უნარებში თუ ერთად? სასერტიფიკაციო ტესტები წინასწარ დაიბეჭდება თუ არა?
მასწავლებელთა სერტიფიცირება დაიწყება 2008 წლის შემოდგომაზე. მუშავდება სერტიფიცირების პროცედურები და წესები. მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაეცნონ სერტიფიცირების წესებს. ტესტების ნიმუშები დაიბეჭდება რამოდენიმე თვით ადრე, რათა მასწავლებლებს საშუალება ჰქონდეთ მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდებს. ტესტით შეფასდება საგნის სწავლების კომპეტენციები და პედაგოგიური უნარები.

განსხვავებული იქნება თუ არა დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ატესტაცია?
რა თქმა უნდა, დაწყებითი და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლების სასერტიფიკაციო ტესტები იქნება განსხვავებული. ამის შესახებაც მასწავლებლებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია.

თუკი არ აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება, ასეთ ადამიანს თუ შეეძლება მასწავლებელთა ატესტაციაში მონაწილეობის მიღება?მასწავლებლობის მსურველი, თუ მას აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია და არა აქვს მუშაობის გამოცდილება, სკოლაში მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის და შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მიიღებს მასწავლებლის სერტიფიკატს.

შემოწმდება თუ არა სერტიფიცირების დროს მასწავლებლის მიერ კომპიუტერის ცოდნა?
როგორც უკვე იცით, მოქმედმა მასწავლებლებმა სერტიფიკატის მოსაპოვებლად უნდა ჩააბარონ მხოლოდ გამოცდა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: 1. საგნის/საგნების სწავლების კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად; 2. პედაგოგიური უნარი.
საწყის ეტაპზე არ არის დაგეგმილი კომპიუტერის გამოყენების უნარების შემოწმება. თუმცა შემდგომში ინფორმაციული და სწავლებისას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები აუცილებლად გახდება სავალდებულო და შესაბამისად, სერტიფიცირების საგანიც.

მოგვეთხოვება თუ არა მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე კანონების ცოდნა? მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მოითხოვს პედაგოგებისგან კანონების ცოდნას. ამდენად ეს სავალდებულოა. მასწავლებელმა უნდა იცოდეს რა კანონები არეგულირებს მათ პროფესიას და რა უფლებებით სარგებლობენ თვითონ და მათი მოსწავლეები.
სხვადასხვა კანონის ცოდნა კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებს (მაგ. სამოქალაქო განათლების) რა თქმა უნდა, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე უფრო სიღრმისეულად მოეთხოვებათ.

განისაზღვრება თუ არა მასწავლებელთა სერტიფიკატი კატეგორიების მიხედვით ანაზღაურებისას?
მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცედურები და მისი შედეგები როგორ ასახვას ჰპოვებს მათ ანაზღაურებაზე არ არის საბოლოოდ განსაზღვრული. დეტალები დადგინდება ამ პროცესის დასაწყისისთვის _ სავარაუდოდ, 2008 წლის შემოდგომა.

დამთავრებული მაქვს ტექნიკური უნივერსიტეტი. 15 წელია ვასწავლი ფიზიკა-მათემატიკას. მაქვს უფლება სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება? აუცილებელია თუ არა გადამზადების კურსებზე გასვლა, რომ მომენიჭოს პედაგოგის კვალიფიკაცია?
გადამზადების კურსების გავლა არ გულისხმობს სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მოპოვებას. თქვენ ეს უფლება ისედაც გაქვთ. ამ ეტაპზე, გადამზადება იმ შემთხვევაში უნდა გაიაროთ, თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენ საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ სასწავლო პრაქტიკა.

ვარ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაგრამ 15 წელია ვასწავლი დაწყებით კლასებში რუსულ ენას, სასერტიფიკაციო გამოცდას როგორ ჩავაბარებ: დაწყებითი კლასების მასწავლებლად, თუ რუსული ენისა და ლიტერატურის?
სასერტიფიკაციო გამოცდები მომზადდება ცალკე დაწყებითი საფეხურის უცხოური ენის მასწავლებელთათვის, ცალკე _ საბაზო/საშუალო საფეხურის მასწავლებელთათვის. მასწავლებელს იმ სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, რომლის გამოცდასაც გაივლის. თუ სურვილი და სათანადო კომპეტენციები აქვს, მას შეუძლია ორივე სასერტიფიკაციო გამოცდა გაიაროს და შესაბამისად ორივე კატეგორიის სერტიფიკატი მოიპოვოს.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Sat Jul 21, 2007 10:01 am. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 11
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:28 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ქართულ სკოლაში მომუშავე რუსული ენის სპეციალისტს აქვს თუ არა უფლება ტესტირება (საკვალიფიკაციო გამოცდა) ჩააბაროს რუსულ ენაზე? სერტიფიკატის მოპოვება ორი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს: ერთი გამოცდა საერთოა ყველა მასწავლებლისათვის და მიეძღვნება ზოგადი პედაგოგიური უნარ-ჩვევების შეფასებას, მეორე კი _ საგნობრივ ცოდნასა და მეთოდურ უნარ-ჩვევებს ამოწმებს. საგნობრივ გამოცდას ქართულენოვანი სკოლის უცხოური ენის მასწავლებლები გაივლიან იმ ენაზე, რომლის სპეციალისტებიც არიან, ანუ რუსული ენის მასწავლებლები ამ გამოცდას რუსულ ენაზე გაივლიან. არაქართულენოვანთათვის პრობლემატურია ის გამოცდა, რომელიც პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს შეაფასებს, რადგანაც ის ქართული ენის ცოდნას ითხოვს.
ეს საკითხი ჯერ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საგნობრივ გამოცდას ჩააბარებს რუსულ ენაზე, მაგრამ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ენებზე იქნება შესაძლებელი.

მასწავლებელთა ატესტაციაზე ჰუმანიტარული დარგის მასწავლებელთათვის აუცილებელია თუ არა უნარ-ჩვევებში მათემატიკური ნაწილის ჩაბარება?
მასწავლებელი ჩააბარებს გამოცდებს, რომელიც დაფუძნებული იქნება მის საგნობრივ კომპეტენციაზე და პროფესიულ უნარებზე.
გარკვეულწილად ლოგიკური ოპერაციების შესრულების უნარი ყველა მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს. შესაბამისად, მასწავლებელს თვითონ უნდა ჰქონდეს განვითარებული ეს უნარი. გარკვეულწილად სასერტიფიკაციო გამოცდების დროს ლოგიკური ოპერაციების ფლობას შეამოწმებს პროფესიული უნარების ნაწილი.

რა სახის დახმარებას აღმოუჩენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად?
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი საქართველოს ყველა სკოლაში ანხორციელებს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმების პილოტირებისა და დანერგვის ტრენინგებს, და რომელზეც დასწრება შეუძლია ყველა მასწავლებელს. შეიქმნა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სწორედ ეს ორი დოკუმენტი (ეროვნული სასწავლო გეგმები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) დაედება საფუძვლად სასერტიფიკაციო გამოცდას. ვიმედოვნებთ რომ მოქმედი მასწავლებლები არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას თანამედროვე მოთხოვნებს მოარგებენ.
მასწავლებლები წინასწარ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით. გამოცდის ჩაბარების ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომი იქნება ტესტების ნიმუშები, ცენტრის ვებ-გვერდზე სისტემატურად განთავსდება საკითხავი მასალა, რაც მასწავლებლებს დაეხმარება გამოცდებისათვის მომზადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს არ აქვს პედაგოგიური განათლება და წლების განმავლობაში ასწავლის საგანს, რომელშიც მას არ მიუღია უმაღლესი განათლება, ექნება თუ არა გამოცდაზე გასვლის უფლება?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მოქმედ მასწავლებელს არ აქვს პედაგოგიური განათლება, ხოლო ზოგიერთ მათგანს არასრული უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება აქვს, პედაგოგიური საქმიანობის შედეგად მათ შეიძინეს მდიდარი გამოცდილება და პედაგოგიური უნარები. ყველა მოქმედ მასწავლებელს, განურჩევლად დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაციისა თუ მიღებული განათლებისა, ეძლევა უფლება, თავისი პროფესიონალიზმი წარმოაჩინოს სასერტიფიკაციო გამოცდაზე და გახდეს სერტიფიცირებული მასწავლებელი.

რა სახის სერტიფიკატები გაიცემა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგად?
მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის სერტიფიკატს, ან საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის სერტიფიკატს.

რამდენად შესაძლებელი იქნება სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის სკოლაში მუშაობის დაწყება?
თითოეული სკოლა დაინტერესებულია, კონკურენტულ გარემოში ღირსეულად დაიმკვიდროს თავი. სკოლის პრესტიჟს, უპირველეს ყოვლისა, ქმნიან მაღალპროფესიონალი მასწავლებლები. პროფესიონალი მასწავლებლების დასაქმებას ხელს შეუწყობს სკოლების მიერ ვაკანსიების საჯაროდ გამოცხადება, პედაგოგთა ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევის ობიექტური და გამჭვირვალე პროცესი.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე ენიჭებათ თუ არა უპირატესობა იმ მასწავლებლებს, რომლებმაც პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა და წარმოადგინეს სერტიფიკატები?პირველი სერტიფიცირების დროს ყველა მასწავლებელი თანაბარ პირობებშია და არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება სერტიფიკატებსა და ცნობებს.

ვარ საშუალო ასაკის მასწავლებელი, ვცდილობ მხარი ავუბა სიახლეებს. თუ ვერ ჩავაბარე გამოცდები ვიმუშავებ თუ არა სკოლაში?
თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, ისეთ მასწავლებელთა კატეგორიას ეკუთნით, რომლებიც ცდილობენ, სიახლეები დანერგონ, გაქვთ გამოცდილება. ასეთი მასწავლებლებისთვის, ალბათ, გამოცდების ჩაბარება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

რას გულისხმობს მასწავლებელთა რეგისტრაცია?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იწყებს მოქმედი მასწავლებლების რეგისტრაციას. ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები საქართველოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებთან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 10-11 მარტს.
რესურს ცენტრები უზრუნველყოფენ დროებითი სარეგისტრაციო ფორმების მიწოდებას მოქმედი მასწავლებლებისათვის. შევსებული ფორმები რესურს-ცენტრების მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში 1 აპრილამდე უნდა დაბრუნდეს.
მასწავლებელთა რეგისტრაციის სისტემა გულისხმობს თითოეული მასწავლებლის მონაცემთა განთავსებას მონაცემთა ბაზაში. იქნება ორი სახის რეგისტრაცია - დროებითი და სრული. დროებით რეგისტრაციას გაივლის ყველა მოქმედი მასწავლებელი. სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებელი მიიღებს სერტიფიკატს და შესაბამისად, დროებითი რეგისტრაცია შეიცვლება სრული რეგისტრაციით. რეგისტრაციის სისტემა გააადვილებს ცენტრსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაციას, გაამარტივებს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესს. რეგისტრაციის სისტემა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას.

რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცათ მოქმედ მასწავლებლებს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა კატეგორია მასწავლებლებისა ვერ მიიღებს მონაწილეობას სასერტიფიკაციო გამოცდებში?
სხვა კატეგორიების მასწავლებლებისათვის მომზადდება განსხვავებული სარეგისტრაციო ფორმები და მათაც ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სასერტიფიკაციო გამოცდებში.

რატომ ხდება ასე ნაჩქარევად რეგისტრაცია. ხომ შეიძლება ან უფრო ადრე დაწყებულიყო, ან უფრო გვიან დასრულებულიყო. ასეთ მცირე დროში ხომ შეიძლება ვინმეს ვერ მოესწრო? დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდება თუ არა მასწავლებლებისთვის, რომლებმაც საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლეს ამის გაკეთება?
ჩვენი აზრით, ის ვადა, რომელიც რესურსცენტრებს ქონდათ მიცემული სკოლებში დასარიგებლად და შემდეგ შევსებული ფორმების უკან დასაბრუნებლად სრულიად რეალურია. მიუხედავად მითითებული საბოლოო ვადისა (1 აპრილი), დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ შევსებულ ფორმებს სხვადასხვა რაიონებიდან.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მოქმედი მასწავლებელი საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხებს სკოლაში მიწოდებული ფორმების შევსებას, მას შეუძლია დაუკავშირდეს პროფესიული განვითარების ცენტრს.

მასწავლებელთა ანკეტირება არ შეეხოთ დღის მეორე ნახევარში მომუშავე და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლებს. რატომ? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუკი უნდათ გაიარონ სერტიფიცირება?
2008 წლამდე ჩატარდება რეგისტრაცია ამ ტიპის მასწავლებლებისათვის, მათთვის შედგება სხვა სახის სარეგისტრაციო ფორმები, რომელთა საშუალებითაც ისინიც გაივლიან რეგისტრაციას. მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ პედაგოგიური განათლება.

მოხდება თუ არა მასწავლებელთა ანკეტირება განმეორებით? ვთქვათ, სექტემბერში. ხომ შეიძლება, სკოლაში ახალი მასწავლებელი მოვიდეს, ან შეეცვალოს მასწავლებელს დატვირთვა?
შესაძლებელია რომელიმე მოქმედმა მასწავლებელმა რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა, ამის გათვალისწინებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მოხდება პედაგოგების დამატებითი რეგისტრაცია.

როდის უნდა ველოდოთ იმ მასწავლებელთა ანკეტირებას, რომელთაც არ აქვთ საათობრივი დატვირთვა? სად შევიტყობთ ინფორმაციას?
როდესაც დაიწყება დროებითი რეგისტრაცია 2008 წლის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის, ინფორმაცია განთავსდება რესურს-ცენტრებში, სამინისტროსა და ცენტრის ვებგვერდებზე.

სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრი ამზადებს თუ არა ტესტებს, როგორც ეროვნულ გამოცდებზე?
მასწავლებელთა სერტიფიცირებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოამზადებს ტესტურ ჩარჩოებს და დაუკვეთავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ტესტების მომზადებას.

ვარ ფილოლოგი, ვმუშაობ დაწყებითი კლასების მასწავლებლად. მაქვს 2 წლის პედაგოგიური გამოცდილება. მაქვს თუ არა უფლება გავაგრძელო დაწყებით კლასებში პედაგოგობა?
რა თქმა უნდა თქვენ ამის უფლება გაქვთ.

2006წ. დავამთავრე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი (სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა გერმანული ენით). მინდა გავხდე "მასწავლებლობის მაძიებელი" ქ. ქუთაისის რომელიმე საჯარო სკოლაში. გთხოვთ მიპასუხოთ, სად უნდა მოხდეს ჩემი, როგორც "მასწავლებლის მაძიებლის" რეგისტრაცია, თუ ამისთვის საჭიროა მხოლოდ სკოლის დირექტორის ბრძანება?
ჯერ-ჯერობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი არ ახორციელებს მაძიებლების რეგისტრაციას. ამ ეტაპზე ცენტრი მუშაობს სკოლებისათვის მაძიებლობის პერიოდის მარეგულირებელ დამხმარე დოკუმენტზე.
ვინაიდან სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეგიძლიათ გახდეთ მაძიებელი.

არაქართულ სექტორზე მომუშავე ქართული ენის მასწავლებლები რომელი პროგრამის მიხედვით ჩააბარებენ გამოცდებს? მოგეხსენებათ პროგრამაც და მეთოდიკაც განსხვავებულია ქართული სექტორისგან.
არაქართულ სექტორზე მომუშავე ქართული ენის მასწავლებლებისთვის, გასაგები მიზეზების გამო, პროგრამა ჯერ არ არის შედგენილი; თუმცა, მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს პროგრამა დაიდება; საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

რა ენაზე გაივლიან სერტიფიცირებას არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები?
სამინისტრო ახლო მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის იგივე ვადებში დაიწყება სასერტიფიკაციო გამოცდები?
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვისაც იგივე ვადებში დაიწყება სასერტიფიკაციო გამოცდები.

თუ ვასწავლი ხატვა-ხაზვას წლების მანძილზე (მოგეხსენებათ ძირითადად დაწყებით კლასებთან მიწევდა მუშაობა), მაქვს თუ არა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩავაბარო დაწყებითის მასწავლებლის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად?
შეგიძლიათ, თუ თქვენ ხართ მოქმედი მასწავლებელი.

შეუძლია თუ არა პიროვნებას გავიდეს გამოცდაზე (პედაგოგების) თუ ის მუშაობს გათავისუფლებულ დამრიგებლად, არ გააჩნია პედაგოგიური გამოცდილება (არ აქვს საათობრივი დატვირთვა)?
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს ყველა იმ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს სკოლაში საგნის/საგნების მასწავლებლად და აქვს საათობრივი დატვირთვა, პედაგოგიური გამოცდილების არმქონე პირი სასერტიფიკაციო გამოცდაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პედაგოგებისათვის აუცილებელია სერტიფიცირების გავლა?
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ასწავლოს სკოლაში, მიუხედავად თავისი სამეცნიერო მიღწევებისა უნდა გაიაროს სასერტიფიკაციო გამოცდები.
სერტიფიცირების პროცესი არ ამოწმებს პიროვნების სამეცნიერო მიღწევებს, თუმცა ასეთ ადამიანს უფრო უნდა გაუადვილდეს საგნობრივი ნაწილის ჩაბარება, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობისაა პროფესიული უნარები, რაც შეამოწმებს რამდენად ესმის მას მოსწავლის განვითარება, რამდენად აქვს უნარი შექმნას პოზიტიური სასწავლო გარემო, რამდენად აქვს სწავლების და შეფასების უნარი და სხვა.
ამდენად, თუ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პედაგოგი მუშაობს სკოლაში საგნის/ საგნების მასწავლებლად და სურს სკოლაში მუშაობის გაგრძელება, აუცილებლად უნდა ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდები.

ვმუშაობ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად, მაგრამ ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთის დევნილ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, მაინტერესებს მასწავლებელთა საატესტაციო გამოცდები ჩვენ შეგვეხება?
აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სკოლის მასწავლებლები, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონის მასწავლებელი, მონაწილეობას მიიღებენ სასერტიფიკაციო გამოცდებში.

რა დანიშნულება აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებას და სტატუსის ამაღლებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას და მის მუდმივ განვითარებას; საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული მომზადების, განვითარებისა და მასწავლებლობის უფლების მინიჭების ერთიანი, მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას.
მიეწოდებათ თუ არა მასწავლებლებს საატესტაციო ტესტების ნიმუშები სკოლებში, თუ თავისუფალ გაყიდვაში იქნება?
სასერტიფიკაციო ტესტების ნიმუშები წინასწარ გამოქვეყნდება და დაიდება სამინისტროს და მასწავლებელთ ა პროფესიული განვითარების ცენტრის საიტებზე.

1989 წელს დავამთავრე აფხაზეთის გორკის სახელობის ორწლიანი უცხო ენის (გერმანული) კურსები, შემიძლია თუ არა მასწავლებელთა სერტიფიცირების მონაწილეობა მივიღო და შემდეგაც განვაგრძო მუშაობა ამ საბუთით?
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ და გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას შეძლებთ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსით. წარუმატებლობის შემთხვევაში მუშაობას გააგრძელებთ ისეთი კონკურენტის გამოჩენამდე, რომელსაც სერტიფიცირება წარმატებით ექნება გავლილი.

მასწავლებელი თუ ასწავლის ერთ კონკრეტულ საგანს, მაგრამ სურვილი აქვს სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს ორ საგანში, აქვს თუ არა ამისი უფლება?
მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩააბაროს ის საგნები, რომლის სწავლებასაც გეგმავს.

ვარ ისტორიის მასწავლებელი. მაინტერსებს, ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით ჩავაბარებ თუ არა გამოცდას საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფში შემავალ სხვა საგნებში?
ვარ ისტორიის მასწავლებელი. შემიძლია თუ არა ვასწავლო სამოქალაქო განათლება? სასერტიფიკაციო გამოცდაზე სავალდებულო იქნება თუ არა ამ ბლოკის საგნის ჩაბარება?
ამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლების გამოცდა ერთიანი იქნება და მოითხოვს სამივე საგნის, ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პროგრამების ცოდნას.

გამოცდაჩაბარებულ პედაგოგს შეუძლია თუ არა ასწავლოს ხელოვნებაც, შრომითი სწავლებაც და ფიზკულტურაც?
ხელოვნება და შრომითი სწავლება ინტეგრირებული საგანია და ერთმა პედაგოგმა უნდა ასწავლოს. რაც შეეხება ფიზკულტურას, იგი სრულიად განსხვავებული საგანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისაგან და ამიტომ, როგორც წესი, ამ საგანს სხვა პედაგოგები ასწავლიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუკი პედაგოგს აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და შეუძლია ორივე საგნის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებულ შედეგებზე გაიყვანოს მოსწავლეები, იმ შემთხვევაში შესაძლებელია, ასწავლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც და ფიზკულტურაც.

თუ პედაგოგი ასწავლის რამდენიმე მონათესავე საგანს, სავალდებულოა თუ არა ყველა საგანში გაიაროს ტესტირება, ან აქვს თუ არა უფლება შეარჩიოს ჩასაბარებელი საგნები სურვილის მიხედვით?
ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა არ დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენ დისციპლინას კითხულობს პედაგოგი სკოლაში. მასწავლებელი თვითონ არჩევს საგნებს, რომელთა სწავლებასაც გეგმავს სკოლაში (რა თქმა უნდა საკუთარი კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით).

I, VII და X კლასებში შეიძლება ასწავლოს პედაგოგიური გამოცდილების არმქონე სპეციალისტმა, რომელიც აქამდე უძღვებოდა საგანს?
დღეისთვის ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ასეთი დაშვებები გაკეთებულია მრავალ სკოლაში არსებული საკადრო პრობლემების გათვალისწინებით. კანონში "ზოგადი განათლების შესახებ" განსაზღვრულია ვადები, რომლის შემდეგაც კადრების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ახალი მოთხოვნები. 2010-2011 სასწავლო წლიდან ყველა აკრედიტირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი ექნება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული ექნება სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა. ასევე გამოცდილების არმქონე კადრიც შეძლებს გახდეს მასწავლებლობის მაძიებელი. მასაც, სასკოლო პრაქტიკის გავლის შემდეგ, საშუალება მიეცემა, ჩააბაროს სასერტიფიკაციო გამოცდები. უკვე მოქმედმა მასწავლებლებმაც უნდა იზრუნონ თავიანთ პროფესიულ ზრდაზე, რომ მომავალში სკოლებში სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ.

აუცილებლად ვთვლით, ჩატარდეს ტრენინგები მშობლებისთვის. რას ფიქრობთ ამის შესახებ, მზადდება თუ არა პროგრამა ამ მიმართულებით?
თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლები სწორ ფასეულობებს და სწავლების უნარებს უვითარებდნენ მოსწავლეს. თუკი სკოლაც და ოჯახიც ერთი მიზნის მიღწევას ცდილობს, შედეგი უკეთესი იქნება.
იმის გამო, რომ მშობლების რაოდენობა ძალიან დიდია, მათი ტრენინგი ორგანიზების მხრივ სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ამდენად, ახლო მომავალში მსგავსი ტრენინგები მშობლებისთვის არ იგეგმება.

ვმუშაობ სკოლაში დირექტორის მოადგილედ. ამჟამად არ მაქვს საათები. ხომ არ შემიშლის ხელს ეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად?
თუკი თქვენ გაქვთ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება, უფლება გაქვთ გახვიდეთ სერტიფიკატის მოსაპოვებელ გამოცდაზე.

საგნის და ზოგადი უნარების გარდა რისი ცოდნა მოეთხოვება მასწავლებელს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის?
მოქმედმა მასწავლებლებმა სერტიფიკატის მოსაპოვებლად უნდა ჩააბარონ მხოლოდ გამოცდა, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: 1. საგნის/საგნის სწავლების კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად; 2. პედაგოგიური უნარი.

სად და როგორ უნდა გაიაროს ოსური ენის მასწავლებელმა ტესტირება?
არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლები ჩვეულებრივად, იგივე პრინციპებით, როგორც სხვა მასწავლებლები ექვემდებარებიან სერტიფიცირებას.

თუ მასწავლებელმა ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები, აქვს თუ არა მას უფლება ხელმეორედ გაიაროს იგივე პროცედურა მომავალ წელს? თუ არა, მაშინ რამდენ ხანში?
თუ მოქმედმა მასწავლებელმა ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა მას უფლება ექნება კიდევ სცადოს. პირველი გამოცდა ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის უფასო იქნება. ხელმეორედ გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში მათ უნდა გადაიხადონ საფასური.

ვინ მოამზადებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტებს?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მოამზადებს ტესტურ ჩარჩოებს და დაუკვეთავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ტესტების მომზადებას. მასწავლებელთა სერტიფიცირებას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

როდის მოხდება სახელმწიფოს მიერ საგანმანათლებლო პროგრამებისთვის კრედიტების მინიჭება?
მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და განვითარების პროგრამების აკრედიტაცია და შესაბამისად კრედიტების მინიჭება დაიწყება 2008 წელს.

როდის გახდება ცნობილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აკრედიტირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხა, სადაც მასწავლებელი შეძლებს კრედიტქულების დაგროვებას?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრები/დაწესებულებები ფუნქციონირებენ, მაგრამ მათ მიერ გაცემულ სერტიფიკატებს ამ ეტაპზე არ ექნება მნიშვნელობა მასწავლებელთა სერტიფიკაციის პროცესში. ეს დაწესებულებები სასერტიფიკაციო მოთხოვნების გამოქვეყნების შემდეგ წარმოადგენენ თავიანთ პროგრამებს, რომლებსაც მიენიჭება სპეციალური კრედიტები. ამის შემდეგ მასწავლებლები შეძლებენ კრედიტ-ქულების დაგროვებას.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი კონკრეტულ საგანს ირჩევს გამოცდის ჩასაბარებლად (ქართულს, ან მათემატიკას), თუ ორივეს ერთად აბარებს?
იმის გამო, რომ დაწყებით კლასებში უმჯობესია მოსწავლესთან ურთიერთობდეს ერთი მასწავლებელი (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების პირველ წელს) ამ საფეხურის მასწავლებელს მოეთხოვება არაერთი საგნის ცოდნა. პირველ წლებში სკოლაში შეისწავლება მშობლიური ენა, მათემატიკა, ბუნება, მუსიკა, ხელოვნება და ფიზიკური აღზრდა. საგნობრივი მოთხოვნები იქნება საფეხურის მოთხოვნის ადეკვატური. რაც შეეხება საფეხურის უფრო მაღალ კლასებს, აქ შემოდის ისეთი საგნები, რომელთა სწავლება ერთ მასწავლებელს გაუჭირდება. მაგ. უცხოური ენა.

მასწავლებელი, რომელიც არ ჩააბარებს საკვალიფიკაციო გამოცდებს 2008 წელს, ექნება თუ არა უფლება განაგრძოს მუშაობა სკოლაში? სერტიფიცირების პროცესი არ გულისხმობს ყველა მასწავლებლის მიერ ერთიანად გამოცდის ჩაბარებას. ასეთი მასშტაბური ტესტირების ორგანიზება ძალიან რთული იქნება. მასწავლებლებს უფლება ექნებათ ხუთი წლის მანძილზე აირჩიონ გამოცდის ჩასაბარებლად მათთვის სასურველი დრო. მოქმედი მასწავლებლები გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში შეძლებენ სკოლაში მუშაობას, სანამ მათ არ გამოუჩნდებათ სერტიფიცირებული კონკურენტი.

თუ მასწავლებელი ვერ ჩააბარებს გამოცდას, აქვს თუ არა მეორედ ჩაბარების უფლება?
მასწავლებელს ექნება სასერტიფიკაციო გამოცდის ხელმეორედ ჩაბარების უფლება.

სასერტიფიკაციო გამოცდების დროს როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მას აქვს სურვილი ასწავლოს სხვადასხვა საგანი სხვადასხვა საფეხურზე, როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში ჩასაბარებელი პირობები? მასწავლებელი ირჩევს რომელ საფეხურზე, ან საფეხურებზე უნდა სწავლება და გადის შესაბამის გამოცდაზე, შესაძლებელია მასწავლებელმა მოიპოვოს სხვა საგნის/საგნების სწავლების უფლებაც. მაგ. ფიზიკის მასწავლებელმა შეიძლება ფიზიკის ტესტირების გარდა მათემატიკის ჩაბარებაც გადაწყვიტოს. წარმატებით ჩაბარების შემდეგ მას ექნება უფლება ორივე საგანი ასწავლოს მოსწავლეებს.

კოლეჯდამთავრებულ პედაგოგებს სერტიფიცირების შემდეგ მიეცემათ თუ არა სკოლაში მუშაობის უფლება?
სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ასეთ მასწავლებელს ექნება უფლება იმუშაოს სკოლაში.

როდის და სად ჩატარდება მასწავლებელთა სერტიფიკაცია? რა მიზანს ისახავს ეს გამოცდა?
სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყება 2008 წელს და ჩატარდება საგამოცდო ცენტრებში. მათი რაოდენობა და ზუსტი მდებარეობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
რა შეეხება სერტიფიკაციის მიზანს, აქ მნიშვნელოვანია რომ შემოწმდეს, არა მხოლოდ მასწავლებლის მიერ თავის საგნის ცოდნა, არამედ შეუძლია თუ არა ეს საგანი ასწავლოს შედეგიანად.

რამდენად არის საჭირო/ აუცილებელი, მასწავლებელმა ლოგიკის ამოცანები ჩააბაროს?
მასწავლებელი ჩააბარებს გამოცდებს, რომელიც დაფუძნებული იქნება მის საგნობრივ კომპეტენციაზე და პროფესიულ უნარებზე.
გარკვეულწილად ლოგიკური ოპერაციების შესრულების უნარი ყველა მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს. შესაბამისად, მასწავლებელს თვითონ უნდა ჰქონდეს განვითარებული ეს უნარი. შესაბამისად, გამოცდებში ცალკე რომც არ იყოს გამოყოფილი ლოგიკის ამოცანები, გამოცდის სტრუქტურა მოითხოვს მასწავლებლისგან ლოგიკური ოპერაციების ფლობას, რაც პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გამოჩნდება.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტები მხოლოდ ნიმუშად გამოვა თუ მთლიანად?
გამოქვეყნდება მხოლოდ ნიმუშები, რაც მასწავლებლებს წარმოდგენას შეუქმნის თუ რა ტიპის იქნება ტესტირება.

2008 წლის რომელი თვიდან დაიწყება მასწავლებელთა გამოცდები და რა იქნება გამოცდაჩაბარებული პედაგოგის მაქსიმალური და მინიმალური კრედიტი?
ასეთი დეტალები ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

დამთავრებული მაქვს სამხედრო აკადემია და თსუ იურიდიული ფაკულტეტი. 1977 წლიდან ვმუშაობ სკოლაში სამხედრო მომზადების მასწავლებლად და ასევე ფიზიკურ აღზრდას. შეიძლება თუ არა მონაწილეობა მივიღო მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში, თუ მანამდე უნდა გავიარო გადამზადება?
ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, რომელსაც აქვს პედაგოგად მუშაობის პრაქტიკა, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესში. ამისთვის არ არის საჭირო დამატებითი გადამზადებების გავლა, თუკი ეს არ ემსახურება თქვენს პროფესიულ განვითარებას.
სამხედროს მასწავლებლების სერტიფიცირება არ მოხდება, რადგან ასეთი სავალდებულო საგანი აღარ იარსებებს, თქვენ შეგეძლებათ სერტიფიცირება ფიზიკური აღზრდის მიმართულებით გაიაროთ.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Sat Jul 21, 2007 1:42 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 12
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Wed Jul 04, 2007 2:12 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

მოსალოდნელია თუ არა სასწავლო ნაწილის გამგეების ტესტირება?
მათი ტესტირება მოსალოდნელი არ არის.

ჩვენი პროფესიული სასწავლებელი მიუერთდა საჯარო სკოლას და იანვრიდან მასწავლებლები დავრჩით სამსახურის გარეშე. რესურსცენტრში უარი გვითხრეს, რომ რეგისტრაციას ვერ გაივლითო. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ ვეღარ მივიღებთ მასწავლებელთა სერტიფიკაციის პროცესში მონაწილეობას?
საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ თქვენს მოთხოვნაზე უარის თქმა არ გულისხმობს, რომ თქვენ ვეღარ ჩააბარებთ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას. მასწავლებლობის გამოცდილების მქონე მსურველებისთვის დამატებით გამოცხადდება რეგისტრაცია. ამ ეტაპზე რეგისტრაციის მიზანი იყო მოქმედი მასწავლებლების მონაცემთა ბაზის შექმნა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მომავალში მოამზადებს განსხვავებულ სარეგისტრაციო ფორმას.

ვარ მოქმედი პედაგოგი (ქართული ენა და ლიტერატურა), მაგრამ მიმდინარე წელს ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში. მაქვს თუ არა უფლება, ჩავაბარო 2008 წელს სასერტიფიკაციო გამოცდები?
თქვენ შეძლებთ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მიღებას.

თუ მასწავლებელი ვერ გავიდა პირველ სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რა ვალდებულებები ეკისრება მას განმეორებით დანიშნულ გამოცდაზე?მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. თუკი პირველი მცდელობა იქნება წარუმატებელი, მაშინ მორიგ გასვლას მასწავლებელი თვითონ დააფინანსებს.

მასწავლებელი, რომელიც არ ჩააბარებს სასერტიფიკაციო გამოცდას, მაგრამ მოსწავლეებთან მუშაობისას კარგ შედეგებს აღწევს, ხომ არ მოხდება ასეთი მასწავლებლის ჩანაცვლება სერტიფიცირებულით?
მასწავლებელი, რომელიც ახერხებს მოსწავლეები კარგ შედეგებზე გაიყვანოს დაძლევს სასერტიფიკაციო გამოცდას. გამოცდის მიზანი კადრების მომზადების და კვალიფიკაციის დადასტურებაა, რომლებიც შეძლებენ ახალი მოთხოვნების შესაბამისად იყვნენ შედეგებზე და მოსწავლეზე ორიენტირებულები. ასე რომ, კარგი სასწავლო შედეგების მქონე მასწავლებლის ჩანაცვლების საფრთხე ნაკლებად დადგება.

გთხოვთ მოგვცეთ განმარტება, დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ტესტირება განსხვავებული ტესტებით ჩატარდება, თუ საბაზოს და საშუალოს დონის იქნება?
მასწავლებელთა სერტიფიცირების შედეგად გაიცემა სავარაუდოდ ორი ტიპის სერტიფიკატი. I ეს იქნება დაწყებითის მასწავლებლის, II _ საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებლის. მათთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები შედგება, რომლებიც შესაბამისი საგნების და საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმებზე იქნება დაფუძნებული. თუმცა პროფესიული სტანდარტი და ეთიკის ნაწილი სავარაუდოდ ყველა მასწავლებლისთვის ერთი იქნება.

მასწავლებელთა ტესტირება უნდა ჩატარდეს 2008-2012 წლებში. თუ პედაგოგი გადაწყვეტს, რომ ტესტირება ბოლო ეტაპზე გაიაროს, ხომ არ შეექმნება საფრთხე მის სამუშაო ადგილს ტესტირების დამთავრებამდე?სხვადასხვა მიზეზების გამო ყველა მასწავლებელი ერთდროულად ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას. შესაბამისად, თუკი სკოლაში კონკურენცია მაღალი იქნება, უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სერტიფიცირებული მასწავლებლები.

შეუძლია თუ არა მასწავლებელს უარი თქვას ტესტირების გავლაზე?მასწავლებელს აქვს უფლება უარი თქვას სერტიფიცირების გავლაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მან უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი, რომელიც 2013 წლამდე ვერ გაივლის სერტიფიცირების პროცესს, იგი ვეღარ ისარგებლებს მასწავლებლის სტატუსით, და მათ პირობითად "ინსტრუქტორების" სტატუსი ექნებათ. ასევე სერტიფიცირებულ მასწავლებელთან შედარებით ის ნაკლებად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდება.

როგორი იქნება პენსიონერი მასწავლებლის დასაქმების საკითხი, მათ შეეძლებათ ტესტირების გავლა და შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, თუ ისინი მაინც განთავისუფლდებიან და აზრს კარგავს მათი გამოცდაზე გასვლა?
მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესზე ასაკობრივი ნიშნით რაიმე შეზღუდვა არ იგეგმება. თუკი პიროვნებას აქვს უნარი ასწავლოს ახალი მოთხოვნების შესაბამისად და მას ამისი ენერგიაც გააჩნია, ისიც სხვა დანარჩენი პედაგოგების მსგავსი უფლებებით ისარგებლებს.

თუ დირექტორს არა აქვს საათობრივი დატვირთვა და არც აპირებს მომავალში პედაგოგად მუშაობას, აუცილებელია თუ არა ჩააბაროს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები?
მოქმედ დირექტორს კანონი არ აძლევს უფლებას იმუშაოს პედაგოგად, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. იგი ექვსი წლით აირჩევა დირექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად ამ თანამდებობისთვის მას არ სჭირდება მასწავლებლის საქმიანობისთვის დამამტკიცებელი მოწმობა. ასე რომ თუკი დირექტორი მომავალშიც არ გეგმავს მასწავლებლად მუშაობას, იგი არ გავა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე.

თუ პედაგოგი ასწავლის რამდენიმე მონათესავე საგანს, სავალდებულოა თუ არა ყველა საგანში გაიაროს ტესტირება, ან აქვს თუ არა უფლება შეარჩიოს ჩასაბარებელი საგნები სურვილის მიხედვით?
ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა არ დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენ დისციპლინას კითხულობს პედაგოგი სკოლაში. მასწავლებელი თვითონ არჩევს საგნებს, რომელთა სწავლებასაც გეგმავს სკოლაში (რა თქმა უნდა საკუთარი კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით).

ჩვენს კოლეგას დამთავრებული აქვს თსუ ქიმიის ფაკულტეტი, მე _ ფიზიკის. გვაქვს თუ არა უფლება მივიღოთ მონაწიელობა ძირითადი სკოლის მატემატიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო ტესტირებაში?
კანონპროექტი მასწავლებელთა სერტიფიცირების შესახებ არ ზღუდავს მასწავლებელს მონაწილეობა მიიღოს სასერტიფიკაციო ტესტირებაში მისთვის სასურველ საგანში (ან საგნებში).

ვარ ბიოლოგიის მასწავლებელი. მაინტერესებს, ინტეგრირებულ სწავლებასთან დაკავშირებით, მომიწევს თუ არა გამოცდის ჩაბარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ჯგუფში შემავალ სხვა საგნებშიც?
პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული სწავლება არ არის სავალდებულო. ეროვნული სასწავლო გეგმით საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული ფორმით სწავლება სავალდებულოა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე. საბაზო საფეხურზე სწავლების ფორმა არჩევითია _ ინტეგრირებული ან არაინტეგრირებული (არაინტეგრირებული ფორმის არჩევის შემთხვევაში სწავლება ტრიმესტრულია), ხოლო საშუალო საფეხურზე საბუნებისმეტყველო საგნები არაინტეგრირებულად ისწავლება (X კლასში ტრიმესტრულად, XI –XII-ში წლიურად). საბაზო და საშუალო საფეხურის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ცალ-ცალკე საგნებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია). მასწავლებელს შეეძლება ჩააბაროს ან მხოლოდ ერთი, ან ორი, ან სამივე საგანი. საბაზო საფეხურზე, საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირებული სწავლების პრიორიტეტულობის გამო, სავარაუდოდ, სამომავლოდ სკოლები სწორედ ისეთ მასწავლებელებს აირჩევენ, რომლებსაც სამივე საგნის სერტიფიკატი ექნებათ.

ვარ გეოგრაფიის მასწავლებელი, მაინტერესებს მომიწევს თუ არა სამი კურსის ჩაბარება: 1. საბუნებისმეტყველო I-VI კლასები, 2. ინტეგრირებული V-VIII და 3. არაინტეგრირებული IX-XII?
თუკი თქვენ გეგმავთ ასწავლოთ საბუნებისმეტყველო ინტეგრირებული კურსი დაწყებით საფეხურზე, მაშინ მოგიწევთ სასერტიფიკაციო გამოცდა აღნიშნული მიმართულებით ჩააბაროთ.
დანარჩენი ინტეგრირებული და არაინტეგრირებული საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკის საგნების სწავლების უფლების მოსაპოვებლად თქვენ მოგიწევთ ერთიანი ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარება, რაც მოითხოვს სამივე საგნის, ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პროგრამების ცოდნას.

2008 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის სახელმწიფო რა ვალდებულებებს იღებს თავის თავზე მასწავლებელთა გადამზადებისათვის?
სახელმწიფო საშუალებას აძლევს დანერგვის კლასების მასწავლებლებს დაესწრონ უფასო ტრენინგ-პროგრამებს, რაც ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად. დანერგვის ტრენინგები წარმოადგენს პირველად და უტყუარ წყაროს მასწავლებლებისათვის ამ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გასაგებად. მასწავლებელთა სერტიფიცირებაც სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

ვინ ჩაატარებს საჯარო სკოლების დირექტორების ტესტირებას და რამდენად არის უზრუნველყოფილი პროცესის ობიექტურობა?
საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებასა და ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი; ეს არის ცენტრის ახალი სახელწოდება, რომელიც თქვენთვის ცნობილია უმაღლესებში მისაღები ერთიანი ეროვნულ გამოცდების ადმინისტრირებით.
ნამუშევრები, ანუ პასუხების ფურცლები გასწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ზოგადი უნარებისა და სამართლის ტესტის პასუხების ფურცლები გასწორდება სპეციალური სკანერის საშუალებით, პროფესიული უნარებისა და ფუნქციური წერის ტესტს გაასწორებენ ცენტრის მიერ შერჩეული გამსწორებლები.
ტესტირება ჩატარდება გამჭვირვალობისა თუ ობიექტურობის დაცვის ყველა აღიარებული წესისა და მექანიზმის დაცვით. გასწორების პროცესში კი, ისევე როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, უზრუნველყოფილია როგორც კონკურსანტის, ისე გამსწორებლის ანონიმურობა – გამოცდის დაწყებამდე კონკურსანტის თვალწინ გაიხსნება საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულებისა და პასუხების ფურცლების დალუქული შეკვრა. საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას დააკვირდებიან მეთვალყურეები.

ვინ უზრუნველყო დირექტორების კონკურსის ჩატარება?დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარება უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
კონკურსანტების რეგისტრაციას და მათ მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი. კონკურსანტების რეგისტრაცია ხორციელდება ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმების მიხედვით.
კონკურსანტების ტესტირებას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი.
კონკურსანტებთან გასაუბრებას უზრუნველყოფს თითოეულ საკონკურსო ტერიტორიულ ერთეულში მინისტრის მიერ შექმნილი კომისია.

თუკი სამინისტრო ვერ წარუდგენს სკოლას სამ შერჩეულ დირექტორის კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში მოქმედი დირექტორი დაინიშნება?
როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრის განაცხადშია ნათქვამი, "ტესტირების შედეგად საუკეთესო საკონკურსო ქულების მქონე კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან. ამასთან, მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული საჯარო სკოლების რაოდენობის სამზე ნამრავლს". ალბათ, ამ ფრაზის გამო, კითხვის ავტორს დარჩა შთაბეჭდილება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა წარუდგინოს სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორობის სამი კანდიდატი. სინამდვილეში, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე მეტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე "ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს და სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს დირექტორის კანდიდატურას არა უმეტეს სამისა" (საქართველოს ზოგადი განათლების კანონი, მუხლი .26).

თუკი დირექტორობის მაძიებელმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, მაგრამ ვერ შეძლო გასაუბრების გავლა, მოხვდება თუ არა იგი კანდიდატად სასურველ სკოლაში?
წარმატებით ჩაბარებული გამოცდები არ არის საკმარისი, რომ პიროვნებამ მოიპოვოს "საშვი" სკოლის დირექტორობის კანდიდატად წარდგენისთვის, აუცილებელი პირობაა საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება. დირექტორის საბოლოო დამტკიცება მოხდება სკოლაში, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით.

თუკი დირექტორობის კანდიდატი უარს იტყვის განაწილებულ სკოლაში კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე, შესთავაზებენ თუ არა მას სხვა სკოლას?
თუ დირექტორობის შერჩეული კანდიდატი უარს განაცხადებს 5 დღის ვადაში პროექტით გათვალისწინებულ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად წარდგენაზე, მისი კანდიდატურა სხვა სკოლაში წარსადგენად აღარ განიხილება.
(საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი, დანართი 1)

დარჩება თუ არა დირექტორი თანამდებობაზე, რომელმაც ვერ გაიარა ტესტირება?
93 ტერიტორიული ერთეული დარჩა დირექტორობის კანდიდატის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, მოქმედი დირექტორები აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას კონკურსის ხელახალ გამოცხადებამდე და სანამ ახალი დირექტორების კანდიდატები ოფიციალურად არ გადალახავენ შერჩევის ყველა ეტაპს (ტესტირება, გასაუბრება) და შეირჩევიან სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ.
ასევე სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რჩება თავის ადგილზე (იმ შემთხვევაშიც თუ მან ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი), სანამ სამეურვეო საბჭოები არ აირჩევენ წარდგენილი კანდიდატებიდან დირექტორებს. ეს პროცესი სავარაუდოდ მაისამდე გაგრძელდება.

დანიშნული დირექტორი რა კატეგორიით შეარჩევს პედაგოგებს ახალი სასწავლო წლიდან?
პედაგოგების ყოველწლიური ცვლილება არ არის დაგეგმილი. დირექტორი თუ არჩევს ახალ პედაგოგს, ის ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული პრინციპებით და კრიტერიუმებით.

გასაუბრების შემდგომ როგორ მოხდება სკოლის დირექტორობის კანდიდატთა იმ ნაწილის გადანაწილება სკოლებში, რომლებიც ვერ მოხვდენენ 20%?
იმ დირექტორების კანდიდატებისთვის, რომლებიც ვერ შევიდნენ პირველ ოც პროცენტში და იმ შემთხვევაში თუ სკოლების რაოდენობა ტერიტორიულ ერთეულში ერთზე მეტია ჩატარდება წილისყრა. წილისყრის შედეგად დადგინდება სკოლა, სადაც კანდიდატი წარსდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე.

სად და როდის ჩატარდება დირექტორების კანდიდატების გასაუბრება?
დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება ათი აპრილიდან დაიწყება. გასაუბრებას გაივლის ყველა ის კონკურსანტი, რომელმაც წარმატებით გადალახა ტესტირების ეტაპი. გასაუბრების შემდეგ მოხდება კანდიდატების კონკრეტულ სკოლებში გადანაწილება. სასურველ სკოლებს თვითონ ის დირექტორობის კანდიდატები დაასახელებენ, რომლებიც შედეგების მიხედვით 20%-იან რანჟირებულთა სიაში მოხვდნენ. დანარჩენი კონკურსანტებისთვის ჩატარდება კენჭისყრა.
გასაუბრება ათ ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება, რაც გაამარტივებს კონკურსანტების გადაადგილებას.

დირექტორების კონკურსში გასაუბრების დროს კომისიაში გათვალისწინებული არის თუ არა რესურსცენტრების უფროსები და პროფკავშირის თავჯმდომარეები და მისაღები იქნება თუ არა საზოგადოების აზრი?
კომისიის წევრების შემადგენლობა სამი ძირითადი კატეგორიით განისაზღვრება: იქნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

დირექტორების კონკურსში გასვლის შემდეგ მაღალი შედეგების მქონე კანდიდატს აქვს თუ არა უფლება ითხოვოს განაწილება სხვა უბანზე ოჯახური პირობების გათვალისწინებით (საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა)?სამწუხაროდ ასეთი შესაძლებლობა დირექტორების კონკურსის დებულებაში გათვალისწინებული არ არის.

ახლადდამტკიცებული დირექტორები თავიდან დააკომპლექტებენ თუ არა სკოლის ადმინისტრაციას?
კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.

25 წლის ახალგაზრდას, რომელსაც აქვს 3 წლის პედაგოგად მუშაობის სტაჟი, შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა დირექტორთა კონკურსში სექტემბერ-ოქტომბერში?
რა თქმა უნდა, შეუძლია.

ვიყავი სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების დროს სკოლის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. შემდგომ მონაწილეობა მივიღე სკოლის დირექტორთა კონკურსში ჩემი სკოლის სექტორში. მეუბნებიან, რომ ჩემს სკოლაში განაწილების შემთხვევაში არ მაქვს უფლება, კენჭი ვიყარო აქ. რამდენად სამართლიანია ეს მოთხოვნა?
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 13 ნოემბრის N929 ბრძანების 25–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დირექტორობის კონკურსის ეტაპების ჩატარების შემდეგ მინისტრი ანაწილებს კონკურსანტებს ტერიტორიული ერთეულის საჯარო სკოლებში კანდიდატებად. მინისტრისათვის წარდგენილ თითოეულ საკონკურსო–ტერიტორიულ ერთეულში უმაღლესი საკონკურსო ქულების მქონე კონკურსანტთა 20%, განაწილდება ტერიტორიული ერთეულის იმ სასურველ საჯარო სკოლაში, რომელიც მან მიუთითა გასაუბრების დროს. შესაბამისად, თუ თქვენ კონკურსში მოპოვებული ქულების მიხედვით მოხვდებით ზემოაღნიშნულ 20%–ში, უფლება გექნებათ მიუთითოთ ის სკოლა, სადაც ისურვებდით დირექტორად არჩევას.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Sat Jul 21, 2007 12:13 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 12
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Tue Jul 17, 2007 7:53 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ჩემი შვილი სწავლობს აფხაზეთში. მომავალ წელს საქართველოში შემოდის თორმეტწლიანი სწავლების სისტემა, აფხაზეთში კი როგორც ცნობილია რუსეთის საგანმანათლებლო სისტემის შესაბამისად მომდინარეობს სწავლება, მე და ჩემს შვილს სურვილი გვაქვს, რომ ბავშვმა საქართველოში განაგრძოს სწავლა, ხომ არ შეექმნება მას ამ კუთხით პრობლემები?
ჯერ-ჯერობით ამის შესახებ ზუსტი პასუხი არ გვაქვს. დიდი მადლობა ასეთი კითხვის დასმისთვის და შევეცდებით, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვიმუშაოთ.
საერთოდ 2008 წლის ზაფხულშიც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. მომავალ წელს გამოსაშვები კლასები ეყოლება ჩვენს არაქართულენოვან სკოლებს, სადაც თორმეტწლიან სწავლებაზე გადასვლა ერთი წლით გვიან მოხდება.

მოსწავლე, რომელიც ამთავრებს რუსეთში სკოლას, არის რუსეთის მოქალაქე, ქართულს კარგად არ ფლობს, მაგრამ უნდა ჩააბაროს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში რუსულ სექტორზე. როგორ უნდა მოხდეს ასეთი მოსწავლის დარეგისტრირება?
შარშან იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც არ სწავლობდნენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მოქმედებდა დროებითი სარეგისტრაციო პუნქტი, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გახანგრძლივებულ ვადებში დამატებითი რეგისტრაცია გაევლოთ. წელს ასეთი რამ არ იგეგმება. უცხოეთში მყოფმა აბიტურიენტებმა, ისევე როგორც სხვა დანარჩენებმა, რეგისტრაცია 25 მარტამდე უნდა გაიარონ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შეწყდება რეგისტრაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2007 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. უცხოეთში მყოფ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ინტერნეტის მეშვეობით გაიარონ რეგისტრაცია და საგამოცდო ბარათის მიღებამდე დაადასტურონ თავიანთი არჩევანი. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ეროვნული გამოცდების ცენტრის საიტზე: http://www.naec.ge; აქვე არის შესაძლებელი ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციის გავლა.

მინდა შვილი სხვა სკოლაში გადავიყვანო, თუმცა დადის ხმები, რომ საჯარო რეესტრში ეს სკოლა გატარებული არ არის. როგორ მოვიქცე? მისაღებ გამოცდებზე პრობლემა ხომ არ შეექმნება?
იმისთვის რომ დარწმუნდეთ სკოლას აქვს თუ არა პრობლემები, ინფორმაცია გადაამოწმეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტში. თუ სკოლას ლიცენზია აქვს, ასეთი პრობლემები მას არ შეექმნება.

ახალმა შეფასების სისტემამ გამოიწვია თუ არა საშემოდგომო გამოცდების გაუქმება? თუ არა, რა ფორმით და როდის უნდა ჩატარდეს?
ე.წ. "საშემოდგომო გამოცდები" არ არის სავალდებულო, რომ ყველა სკოლამ დაუშვას, ასევე არ არის "გაუქმებულიც".
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხილულია შეფასების ახალი სისტემის პრინციპები, რომელიც ყველა სკოლაში წელს დაინერგა. სკოლას აქვს თავისუფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მისცემს თუ არა მოსწავლეებს უფლებას გადააბარონ საგანი/საგნები, გაიუმჯობესონ ნიშანი. ეს პროცედურები უნდა იყოს გაწერილი სკოლის შინაგანაწესში და ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველა მოსწავლისთვის. ე.წ. "საშემოდგომო გამოცდებისთვის" უნდა იყოს დადგენილი ვადები, შეფასების რა ფორმები გამოიყენება და როგორ შეფასდება წერითი, თუ ზეპირი გამოცდა.

ექნებათ თუ არა IX კლასელებს მეათეში გადასასვლელი სახელმწიფო გამოცდები?
საკითხი არასწორად არის დასმული. ალბათ, საუბარია მეცხრე კლასის დამამთავრებელ გამოცდებზე, რადგან თუ მოსწავლემ დაძლია მეცხრე კლასის პროგრამა, მაშინ მას უფლება აქვს გადავიდეს მეათე კლასში.
აგრეთვე არ არის სწორი, რომ მთელი წლის მუშაობა მხოლოდ ერთი გამოცდის საფუძველზე იყოს შეფასებული. ეს გამოიწვევს იმას, რომ მოსწავლის ყოველდღიურ მუშაობას ფასი დაეკარგება. ამასთან ერთად, მასწავლებლებიც ორიენტირებულები გახდებიან გამოცდაზე და არა სწავლებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მეცხრე კლასის დაძლევის დასადასტურებლად გათვალისწინებული იყოს როგორც წლიური ნიშნები, ისე გამოცდა, თუ ასეთის არსებობას სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს. სახელმწიფო გამოცდები საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული არ არის. თუკი სკოლა საჭიროდ ჩათვლის მათ შეუძლიათ გარკვეულ საგნებში მოაწყონ სასკოლო გამოცდა. ამისთვის საჭიროა, რომ მოსწავლეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, იცოდნენ რა ფორმით (ტესტური, ზეპირი თუ სხვა) ექნებათ გამოცდა და აისახება თუ არა გამოცდის შედეგები წლიურ ნიშანზე.

ექნებათ თუ არა რაიმე შეღავათი, ან თუ განსხვავებული ტესტებით ჩააბარებენ საპილოტე სკოლის XI კლასელები?
საპილოტე სკოლების მეთერთმეტე კლასელები ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს იგივე პროგრამით, როგორც სხვა დანარჩენი აბიტურიენტები.
შეღავათად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საპილოტე სკოლის მეთერთმეტე კლასელები უფრო მეტი ყურადღებისა და უკეთესი რესურსების პირობებში ამთავრებენ სკოლას, რამაც თავისი შედეგი უნდა გამოიღოს.

მიექცევა თუ არა მისაღებ გამოცდებზე სკოლის საბოლოო ნიშანს ყურადღება?
ამ ეტაპზე სკოლის საბოლოო ნიშანს არ მიექცევა ყურადღება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

აბიტურიენტს რამდენჯერ აქვს უფლება ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები?
აბიტურიენტებს არ აქვთ შეზღუდვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას. მათ უფლება აქვთ გამოცდებზე გავიდნენ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოესურვებათ.


ახლანდელი I და II კურსის სტუდენტებს, რომლებსაც უფლება მიეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვაუჩერის მოპოვების, ხომ არ გაუწევენ კონკურენციას აბიტურიენტებს, რომლებიც წელს პირველად ეცდებიან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების გაგრძელებას?

2005 და 2006 წელს ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც გრანტის მოსაპოვებლად ხელახლა წელს ჩააბარებენ გამოცდას იბრძოლებენ მათთვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში. სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ და ამ გამოცდის შედეგის საფუძველზე გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას კონკრეტულად ამ მიზნით გამოყოფილი თანხის ფარგლებში.
ამგვარად მათი დასაფინანსებელი თანხა და ახალი აბიტურიენტების ერთმანეთისგან გამიჯნულია.

იქნება თუ არა ასაკობრივი ზღვარი უმაღლეს სასწავლებლებში მიღებასთან დაკავშირებით?
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ბარიერი არ არსებობს.
მსურველებმა, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდაში/გამოცდებში, დროულად (25 მარტამდე) უნდა მიმართონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად. XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სარეგისტრაციო განაცხადი შეავსონ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე რესურსცენტრებში.

დამთავრებული მაქვს საჯარო სკოლის IX კლასი. ვსწავლობ ეკონომიკური კოლეჯის III დამამთავრებელ კურსზე. გავლილი მაქვს X-XI კლასების პროგრამა. მინდა ჩავაბარო ეროვნული გამოცდები. როგორ უნდა მოვიქცე?
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.
ასეთმა კოლეჯმა ზემოაღნიშნულ პირებზე შეიძლება გასცეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ატესტატი. კოლეჯმა ეს ატესტატები უნდა გამოითხოვოს სამინისტროდან. კოლეჯს ასევე შეუძლია თუ არ ესწრება ატესტატების აღება, გასცეს ცნობები ამ პირებზე და დაუდასტუროს რომ მათ გავლილი აქვთ ზოგადი განათლების მე–10 და მე–11 კლასების სასწავლო პროგრამა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია უკვე დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით XI კლასდამთავრებულმა ბავშვმა საერთო შეფასება 8 ქულა თუ ვერ მოაგროვა კარგავს უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელების სწავლის უფლებას. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
ჯერჯერობით ნიშნები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას არ გაითვალისწინება. ამ ეტაპზე ყველა XI კლასდამთავრებულს, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატი აქვს, შეუძლია გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე. ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

საჯარო სკოლის სრული საშუალო განათლების (11 კლასი) მიღება ვერ შეძლო მოსწავლემ. მან 2003 წელს IX კლასი დაამთავრა ყველა საგანში შეფასებით დამაკმაყოფილებელი. მაგრამ 2002-2003 სასწავლო წელს ატესტატის მისაღებად საჭირო იყო დამატებითი ტესტური გამოცდების ჩაბარება 4 საგანში. ეს გამოცდები მან ვერ ჩააბარა. დღეს საბაზო განათლების ატესტატის გასაცემად ეს ბარიერი აღარ არსებობს. აქვს თუ არა სკოლას უფლება, გასცეს საბაზო განათლების ატესტატი ამ მოსწავლეზე IX კლასის ჩათვლით წლიური საგნობრივი შეფასებების საფუძველზე?
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 21 მაისის N91 ბრძანების მე–2 თავი ადგენს მე–9 კლასში გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდებისა და მე–10 კლასში ჩარიცხვის წესს. მე–9 კლასში გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები წარმოადგენდა საბაზო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებს და შესაბამისად, საბაზო განათლების ატესტატის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. მოსწავლე, რომელსაც მე–9 კლასში ჰქონდა დადებითი შეფასება ყველა საგანში, უნდა გასულიყო მე–9 კლასის გამოსაშვებ სახელმწიფო გამოცდაზე.
ამ ბრძანების თანახმად საბაზო განათლების ატესტატი მიეცემოდა მოსწავლეს, რომელსაც ყველა საგანში ჰქონდა დადებითი შეფასება და ჩაბარებული ჰქონდა მე–9 კლასის გამოსაშვები სამივე სახელმწიფო გამოცდა.
ამდენად, თუ 2002–2003 სასწავლო წლის ბოლოს მე–9 კლასის მოსწავლეს არა აქვს ჩაბარებული მე–9 კლასის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები, შესაბამისად, მას არა აქვს დაძლეული ზოგადი განათლების მე–9 კლასი სრულად და მასზე ვერ გაიცემა საბაზო განათლების ატესტატი.
ამ პირს შეუძლია სწავლა გააგრძელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე–9 კლასში ან მისთვის სასურველი კლასების სასწავლო პროგრამა დაძლიოს ექსტერნატის წესით გამოცდების ჩაბარების გზით.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Sat Jul 21, 2007 12:10 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 6
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე       ganatleba.org -> სასერტიფიკაციო გამოცდები All times are GMT
გვერდი ნომერი 1(სულ - 1)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You cannot download files in this forum