FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   Login to check your private messagesLogin to check your private messages   LoginLogin 

ქართული ენა და ლიტერატ

 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    ganatleba.org -> საგნობრივი საკითხები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Siko
Site Admin


Joined: 03 Apr 2007
წერილი: 27

წერილიგამოგზავნილია: Thu Jun 07, 2007 11:40 am    წერილის სათაური: ქართული ენა და ლიტერატ პასუხი ციტირებით

ამ ნაწილში იქნება კითხვები და პასუხები ქართულ ენასა და ლიტერატურის საგნის შესახებ
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:06 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

თუკი მასწავლებელს რაიმე საკითხის სწავლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, შეუძლია თუ არა ეს ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი) ჩაანაცვლოს მისთვის უფრო მისაღებით?
მასწავლებელს ევალება სასწავლო გეგმის შედეგებზე "გასვლა"; სახელმძღვანელო ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი რესურსია. შესაბამისად, თუკი თქვენ მიგაჩნიათ, რომ გაკვეთილის მიზანს (ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით) სხვა, თქვენ მიერ შერჩეული თხზულება უფრო შეესაბამება, შეგიძლიათ თავისუფლად იმოქმედოთ.


ქართულში თხზულებები კარგავს თუ არა თავის მნიშვნელობას და რა იქნება მისი ალტერნატივა ახალი პროგრამის თანახმად?
ახალი სასწავლო გეგმების (და არა პროგრამის) თანახმად, თხზულების მნიშვნელობა არა თუ კარგავს თავის მნიშვნელობას, არამედ მისი მნიშვნელობა შეუდარებლად გაზრდილია: თხზულების ანალიზი ისეთი ასპექტებითაც უნდა მოხდეს, რაც ადრინდელ პროგრამებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული (მაგალითად, თუ წინათ მხოლოდ კონკრეტული ნაწარმოებების ანალიზზე იყო მოსწავლე ორიენტირებული, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლე სწავლობს ზოგადად კითხვის, თხზულების გააზრების, ანალიზის ტექნიკას). ამდენად, ალტერნატივის წინაშე ნამდვილად არ ვდგავართ.


წინა დღეს გადმოცემული მასალის გამოკითხვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეფასების რომელ კომპონენტს მივაკუთნოთ: "პრეზენტაციას" თუ "საშინაო დავალებას"
შეგახსენებთ, რომ "პრეზენტაცია" უბრალოდ "საშინაო დავალების" მოყოლა არ გახლავთ. პრეზენტაციას, მოგეხსენებათ, გარკვეული თავისებურებები ახასიათებს და თუკი გარკვეულ დამატებით კომპონენტებს ჩართავს მოსწავლე თუნდაც წინა დღეს მიღებული დავალების გამოკითხვისას, მას "პრეზენტაციის" კვალიფიკაცია უნდა მივცეთ. "საშინაო დავალებას" კითხვის დამსმელი ალბათ იმ ტრადიცულ გამოკითხვას უწოდებს, რაც ტექსტის შესწავლა-გაგების შემოწმებას (უარეს შემთხვევაში - გაზეპირებას) გულისხმობს.


რატომ არ ისწავლება ქართულის სახელმძღვანელოებში მწერალთა ბიოგრაფიები?
სასწავლო გეგმა არ ავალდებულებს ავტორს, გარკვეული მიზნისა და მოტივაციის გარეშე, თვითმიზნად გაიხადოს მწერლის ბიოგრაფიის სწავლება... თუკი ავტორი საჭიროდ მიიჩნევს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით მწერლის/პოეტის ბიოგრაფიიდან რაიმე ცნობის მოწოდებას, ეს ავტორის გადასაწყვეტია (სხვათა შორის, გრიფირებულ სახელმძღვანელოებში საკმაოდ წარმატებულად არის ეს საკითხი გადაწყვეტილი)... გარდა ამისა, მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, თავად მოიძიოს მასალა და დამატებით გააცნოს მათ ამა თუ იმ მწერლის ბიოგრაფია.


რატომ არ ისწავლება VII კლასში ქართული ენის გრამატიკა? რით შეიცვლება ეს საკითხი მერვე კლასში?
VII კლასში არ ისწავლება გრამატიკის თეორიული კურსი, რაც ახალი სასწავლო გეგმების მიხედვით, არც მოეთხოვება მოსწავლეს; სამაგიეროდ, ორსავე გრიფირებულ სახელმძღვანელოში განხილული და სათანადოდ დამუშავებულია პრაქტიკული გრამატიკის საკითხები. ასეთივე მიდგომაა განსაზღვრული მე-8 კლასის სახელმძღვანელოებისთვისაც.


V კლასის როდონაიას ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო პასუხობს დღევანდელ მოთხოვნას. მაგრამ გათვალისწინებული არ არის ამ საგნისთვის დათმობილი საათების რაოდენობა. სახელმძღვანელოში მოცემულია 75 საგაკვეთილო მასალა, რომელიც გასაგებია ყველა მოსწავლისთვის. დამატებითი საათების გამოყენება ამ მასალას არ ჭირდება. წელიწადში საგანს დათმობილი აქვს 120 საათი. ხომ არ აჯობებდა, სახელმძღვანელო შევსებულიყო სხვა საინტერესო მასალით?
V კლასი არ არის საპილოტე და, შესაბამისად, სახელმძღვანელო ახალი სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად არ არის შედგენილი. იმედია, V კლასის ახალი სახელმძღვანელოების ავტორები გაითვალისწინებენ საათობრივ ბადეს. თუკი მასწავლებელს მიაჩნია, რომ 75 საათში მოახერხებს არსებული სახელმძღვანელოს ათვისებას, სრული უფლება აქვს, თავად შეავსოს მორჩენილი საათები სხვა მასალით.


VI კლასში, მშობლიურ ლიტერატურაში ისევ ისწავლება თუ არა "შეიცან თავი შენი"?
მოგეხსენებათ, რომ სარეფორმო კლასებია: I, VII, IX (სადაც უკვე საყოველთაოდ გავიდა ახალი სახელმძღვანელოები და დაინერგა ახალი სასწავლო გეგმები) და II, VIII, X (სადაც მიმდინარეობს პილოტირების პროცესი). აქედან გამომდინარე, VI კლასში ჯერჯერობით ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლება. ეს შეეხება ყველა საგანს და მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურასაც. ყველა ის ნაწარმოები, რაც განსაზღვრული იყო ძველი პროგრამით, კვლავ ისწავლება. შესაბამისად, ამ კლასებში არც სახელმძღვანელოები შეცვლილა.


შეიცვალა თუ არა ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერითი თხზულების მოცულობა?
არ არის დადგენილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თხზულების მოცულობის ნორმები. ძირითადი კვლავ რჩება მოთხოვნა მასალის ორგანიზებისას გათვალისწინებული იყოს შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა. მოყვანილი ინფორმაცია საკმარისი იყოს თხზულების არსის გასაგებად, იყოს ლოგიკურად დალაგებული და ენობრივად გამართული.


დაწყებით კლასებში მშობლიური ენის სწავლებას გავდიოდით ვ. რამიშვილის სახელმძღვანელოთი, მსურდა II კლასში დამეწყო როდონაიას რედაქციით. მქონდა თუ არა ამის უფლება?
სახელმძღვანელოს შეცვლა მასწავლებლის პრეროგატივაა, მაგრამ ის უნდა იყოს შეთანხმებული სხვა საგნობრივ პედაგოგებთან კათედრაზე, რადგან სკოლაში პარალელური კლასების არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია მათ სხვადასხვა სახელმძღვანელოებით ისწავლონ (ეროვნული სასწავლო გეგმა, გვ.5, სასწავლო მასალა).


დასაშვებია თუ არა პირველ კლასში ქართული ენის გაკვეთილზე ერთდროულად სამ კომპონენტზე მუშაობა?
უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, რა იგულისხმება "ერთდროულად სამ კომპონენტზე მუშაობაში"... ზეპირმეტყველება, კითხვა და წერა - ამ სამი მიმართულებით, რასაკვირველია, მთელი წლის განმავლობაში უნდა მიმდინარეობს მუშაობა (შესაბამისად, არათუ დასაშვებია, არამედ სავალდებულოც!), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ გაკვეთილზე აუცილებელია სამივე კომპონენტის "მოცვა"; მით უფრო, რომ სწორედ I კლასში აქცენტი კეთდება ეტაპობრივად - ჯერ ზეპირმეტყველებაზე, ხოლო შემდეგ კითხვისა და წერის კომპონენტებზე. სხვადასხვა ავტორთან ეტაპები განსხვავებულია; შეკითხვის ავტორი რომელ სახელმძღვანელოსაც აირჩევს, იმ ავტორის/ავტორთა მიერ შემოთავაზებულ მასწავლებლის წიგნს უნდა დაეყრდნოს (შეგახსენებთ, რომ I კლასის მასწავლებლის წიგნი სავალდებულოა და სამინისტროს გრიფი აქვს მინიჭებული).


მესამე კლასში მშობლიურ ენაში შემცირდა საათების რაოდენობა. სულ 7 საათია. ამასთან დაკავშირებით შეგვექმნა პრობლემები წერის ნორმების დაცვაში (ორი საკლასო და ორი სუფთა წერა). როგორ მოვიქცეთ?
მესამე კლასი არ არის სარეფორმო კლასი; ამდენად, როგორი იქნება საათობრივი ბადე, მომავალ წელს პილოტირების პროცესი დააზუსტებს (საკმარისია თუ არა 7 საათი III კლასის სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად); რაც შეეხება დაგეგმილი 2 საკლასო და 2 სუფთა წერის ჩატარების აუცილებლობას: როგორც თქვენთვის ალბათ ცნობილია, მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, რამდენი საკლასო სამუშაო ჩაატაროს და დღეს აღარავინ ავალდებულებს პედაგოგს, მაინცდამაინც განსაზღვრული რაოდენობის საკლასო თუ სუფთა წერის გაკვეთილი დაგეგმოს.


რამდენად გამართლებულია სწავლება ისეთი მწერლისა, როცა მოსწავლეთათვის უცნობია მისი ცხოვრება, მიმართულება რომელსაც ეკუთვნის, რა თქმა უნდა მასწავლებელი მიაწვდის საჭირო დამატებით ინფორმაციას, დამხმარე ლიტერატურას, რაც საკმაოდ ძვირია, ხომ არ აჯობებდა ყოველივე ეს წიგნში ყოფილიყო? ვფიქრობთ, ამ კუთხით დასახვეწია X კლასის (ავტ.თ ვასაძე) სახელმძღვანელო. საკითხი შეეხება რომანტიზმის სწავლებას.
ააჩნია რა აქვს მიზნად დასახული სახელმძღვანელოს ავტორს (შესაბამისად – მასწავლებელს) კონკრეტულ შემთხვევაში (გაკვეთილის, თავის თემა...); ვფიქრობთ, დასახული მიზნის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად საჭიროა განსახილველი მწერლის ბიოგრაფიის თუ იმ ლიტერატურული მიმართულების განხილვა, რომლის წარმომადგენელიცაა ეს მწერალი.
თქვენი კითხვა თ. ვასაძის სახელმძღვანელოს ეხება. ამ წიგნში კი რომანტიზმის, როგორც მიმართულების, განხილვა საერთოდ არ გვხვდება (სულ 5 თავია, თემატური და არა ჟანრობრივი თუ ლიტერატურული მიმართულებების მიხედვით დალაგებული...); ამასთან, სახელმძღვანელოს ავტორისთვის ამ შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენდა მწერლის ბიოგრაფიული მონაცემების მიწოდება მოსწავლეებისთვის (ვფიქრობთ, სამართლიანადაც, რადგან ეს გამოიწვევდა კონტექსტიდან ამოვარდნას, სრულიად სხვა თემაზე გადასვლას...)... რასაკვირველია, მწერლის შესახებ კონტექსტის შესატყვისი კონკრეტული ინფორმაციის (და არა სრული ბიოგრაფიის – დაბადებიდან სიკვდილამდე) შეხსენება ხშირად აუცილებელია ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას და ეს არ არის უცხო თ. ვასაძის სახელმძღვანელოსთვის (მაგ. იხ. გვ. 19, გვ. 47 და სხვა).


მეათე კლასის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოს I თავში შეტანილია ნ. ბარათაშვილის "ბედი ქართლისა", ხოლო ამავე პოეტის სხვა ლექსები V თავში. ასეთი განლაგებით უკანა პლანზე რჩება მთავარი _ მოსწავლემ სრულყოფილად აღიქვას მწერლის შემოქმედება. უკეთესი იქნებოდა ერთიანად მწერლის შემოქმედების გაანალიზება.
გააჩნია, რას მივიჩნევთ "მთავრად"... თუკი თვითმიზნად ავიღებდით დასახული ყველა კლასიკოსის შემოქმედების სრულყოფილად აღქმა, რასაკვირველია, თქვენი შენიშვნა მისაღები იქნებოდა; თუმცა, არა გვგონია, ბარათაშვილის შემოქმედებაში პატრიოტიზმის, სიყვარულის თუ ადამიანის დანიშნულების ფილოსოფიური თემების ერთად განხილვა უფრო მისაღები იყოს, ვიდრე ცალკე აღებული ამ პრობლემების სხვა მწერალთა ნააზრევთან შედარება-შეპირისპირება და გამოწვლილვითი ანალიზი.
როდის არის მოსალოდნელი X კლასის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შეცვლა, ან ალტერნატიულის გამოშვება?
გრიფირებული, პილოტირებაგავლილი სახელმძღვანელოების შეცვლა (ისევე, როგორც ალტერნატიულის გამოშვება) მოსალოდნელია მხოლოდ 3 წლის შემდეგ.


ქართულ ლიტერატურაში თავების მიხედვით მასალის დაყოფა ხომ არ გამოიწვევს ეპოქების თავისებურებათა არევ-დარევას, მიჩქმალვას, მისი მნიშვნელობის გაუბრალოებას?
ვფიქრობთ, საკითხის ამგვარად დაყენება მართებული არ არის. ჯერ ერთი, ეროვნულ სასწავლო გეგმაში (მაღალ კლასებში) არაერთგზის არის ყურადღება გამახვილებული ეპოქის როლსა და მნიშვნელობაზე (იხ. მაგ. ქართ. XI. 5; ქართ. XII. 6; ქართ. XII. 7); შესაბამისად, სახელმძღვანელოს ავტორები ეპოქის თავისებურებების განხილვას გვერდს ვერ აუვლიან... გარდა ამისა, გაუგებარია, რა კავშირშია მასალის თავებად დაყოფა (სახელმძღვანელოს სტრუქტურული აგებულება) დასმულ პრობლემასთან? სახელმძღვანელოს ავტორს, თუკი იგი ამას საჭიროდ მიიჩნევს, სრული უფლება აქვს, მთელი თავი მიუძღვნას სწორედ ეპოქის თავისებურებათა დახასიათებას. სხვა საკითხია, როდის, რომელ ეტაპზე, რომელ კლასშია მართებული ამ პრობლემაზე მსჯელობა.


ქართული ენის და ლიტერატურის IX კლასის პროგრამა როგორ ჩავატიოთ 2 საათში?
თქვენ აღარავინ გთხოვთ პროგრამის გავლას – პროგრამა, როგორც ასეთი, აღარც არსებობს... შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზეა ორიენტირებული. აი, ამ შედეგების მიღწევას მოითხოვს თქვენგან სამინისტრო... რაც შეეხება საათობრივ გადანაწილებას, IX კლასი არ არის სარეფორმო კლასი და საათების ზუსტი ოდენობა მხოლოდ მას შემდეგ განისაზღვრება, რაც მოხდება ახალ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ახალი სახელმძღვანელოების პილოტირება.


ვალდებულია თუ არა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, ზოგად უნარებში შესულ ენობრივ-რიტორიკულ უნართა განვითარებაზეც ამუშაოს კლასი?
ზოგად უნარებში გამოცდა სპეციალურ მომზადებას არ ითვალისწინებს. ამდენად, ენობრივ-რიტორიკულ უნართა განვითარებაზე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ამ მიზნით ნამდვილად არ ევალება. ვფიქრობთ, კითხვა არის არასწორად დასმული: სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და განვითარებული უნარები უნდა გახდეს იმის საწინდარი, რომ აბიტურიენტმა შეძლოს, იოლად დაძლიოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ზოგადი უნარების ტესტი.


როდის არის მოსალოდნელი X კლასის ქართული ენის და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შეცვლა, ან ალტერნატიულის გამოშვება? გრიფირებული, პილოტირებაგავლილი სახელმძღვანელოების შეცვლა (ისევე, როგორც ალტერნატიულის გამოშვება) მოსალოდნელია მხოლოდ 3 წლის შემდეგ.


მეექვსე კლასში შესწავლილი იყო ზმნის მხოლოდ რამდენიმე კატეგორია, VII კლასში მათი გაგრძელება არ არის გათვალისწინებული. როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი?
ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და მართლაც პრინციპულ საკითხს ეხება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შევთანხმდეთ, რომ ქართული ენის გრამატიკის თეორიული კურსის სწავლება, როგორც ეს ხდებოდა ახალი სასწავლო გეგმების დამტკიცებამდე, კარგ ეფექტს ვერასოდეს იძლეოდა: ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიის განსაზღვრების გაზეპირება-გაზუთხვა; თვითმიზნად არ უნდა დავისახოთ, VII კლასის მოსწავლემ იცოდეს (რეალურად კი – ვერაფერში იყენებდეს), ვთქვათ, როგორ იწარმოება III სერიის II თურმეობითი ან მესამე კავშირებითი... არსებითია ის, სკოლის მოსწავლეს სწორად შეეძლოს ამა თუ იმ ფორმის (თუნდაც, იგივე II კავშირებითის ფორმა – გაეკეთებინა სწორად იხმაროს კონტექსტში და არ გამოიყენოს მცდარი ფორმა – გაეკეთებინა) გამოყენება. სხვაგვარად: პრობლემას მივუდგეთ პრაგმატული თვალსაზრისით... VI კლასი, როგორც მოგეხსენებათ, სარეფორმო კლასი ჯერჯერობით არ არის – ამიტომ ამ კლასში კვლავინდებურად ისწავლება ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოწყვეტილად ქართული ენა (სინამდვილეში – ქართული ენის გრამატიკის მოკლე თეორიული კურსი) და ქართული ლიტერატურა. VII კლასში მასწავლებელი უნდა "გაჰყვეს" იმ სახელმძღვანელოს, რომელიც შერჩეული აქვს თავისი კლასისთვის და მიზნად დაისახოს იმ შედეგების მიღება, რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით... ქართული ენისა და ლიტერატურის VII კლასის შედეგებში კი არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ მოსწავლემ აუცილებლად უნდა იცოდეს ამა თუ იმ ზმნური კატეგორიის განმარტებები და სხვა თეორიული საკითხები.


როდის დაიბეჭდება XII კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა?
ეროვნული სასწავლო გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე დაბეჭდილია (I-XII კლასები). თუ კითხვაში იგულისხმება იმავე სახით გაწერილი პროგრამა, როგორიც იყო რეფორმამდელ სისტემაში – ასეთი პროგრამები არც ერთ საგანში, მათ შორის – არც ქართულში, აღარ დაიბეჭდება.


შეიძლება თუ არა, რომ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში I ტრიმესტრის დასასრულისთვის ჩატარებული იყოს მხოლოდ ერთი საკონტროლო?
ამ ტიპის შეკითხვებს ჩვენს გაზეთში უკვე არაერთხელ გაეცა პასუხი: მასწავლებელი არანაირად არ არის შეზღუდული, თავად განსაზღვროს, რამდენი საკონტროლო წერა (თუ რაიმე სხვა სახის აქტივობა) სჭირდება მოსწავლეების წარმატებების შესაფასებლად.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Thu Jul 19, 2007 10:03 am. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 11
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:07 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ქართული როგორ ისწავლება არაქართულენოვან სკოლებში?
არაქართულენოვანი სკოლების I კლასელებისათვის დაიწერა ორი მასწავლებლის წიგნი ქართულში, რომლებიც გამოიცდებიან შერჩეულ 30 სკოლაში. მოსწავლის წიგნი ამ ასაკის ბავშვებისათვის გათვალისწინებული არ არის, რადგან ისინი წერა-კითხვას I კლასში არ შეისწავლიან. პილოტირებისთვის შერჩეულია ათი რუსულენოვანი, ათი სომხურენოვანი და ათი აზერბაიჯანულენოვანი სკოლა. ერთი წლის შემდეგ უკვე გრიფმინიჭებული ქართულის სახელმძღვანელოებით მოხდება სწავლება ყველა არაქართულენოვანი სკოლის პირველ კლასებში. რაც შეეხება VII და X კლასებისათვის ცვილებებს ქართულის სწავლებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ენის ცოდნა სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია, არ მოხდება ქართულის სახელმძღვანელოს კლასების მიხედვით დიფერენცირება. ამ კლასებში შევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელო "თავთავი", სადაც ენის ცოდნა განისაზღვრება მოსწავლეთა დონეების მიხედვით, ანუ ერთ სკოლაში თუ X კლასელები უკეთ ფლობენ ქართულს, ისინი "თავთავის" უფრო მაღალი საფეხურის წიგნით შეისწავლიან, უფრო დაბალი დონისათვის, შესაბამისად, დაბალი საფეხურის სახელმძღვანელოებით მოხდება შესწავლა. ჯერ-ჯერობით გამოცემულია "თავთავის" ორი ნაწილი. სულ ჩაფიქრებულია მისი ხუთ ნაწილად გამოშვება.
ქართული ენის სწავლება არაქართულენოვან სკოლებში ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით უფრო მეტად არის ორიენტირებული საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარებაზე, ვიდრე ეს ადრე იყო.


რუსულ სკოლაში, რომელშიც მოსწავლეთა უმეტესობა ეროვნებით სომეხია, შეიძლება თუ არა მეორე უცხო ენად გერმანულის ნაცვლად ისწავლებოდეს სომხური ენა?
თუ სომეხ მოსწავლეებს სომხურს ვასწავლით, ეს მათთვის "უცხოური" კი არა, მშობლიური ენა იქნება. ამ შემთხვევაში, სომხურის, როგორც უცხოური ენის სწავლება ვერ იქნება გამართლებული. სამაგიეროდ, სკოლას შეუძლია სომხურის, როგორც მშობლიური ენის სწავლება შესთავაზოს სკოლის მოსწავლეებს დამატებითი
საგანმანათლებლო მომსახურების ხარჯზე ფაკულტატური საგნის სახით.

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლები, რომლებიც ვასწავლით "თავთავით" და არა საგნობრივი პროგრამით, როგორი სახით ჩავატარებთ გამოცდებს?
საერთოდ, გამოცდის მოთხოვნები აუცილებლად უნდა ესატყვისებოდეს იმ სასწავლო კურსის შინაარს, რომელსაც მოსწავლეები გადიან. ამდენად, საგამოცდო მასალა უნდა ამოწმებდეს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელთა შეძენას უზრუნველყოფს "თავთავი", ვიდრე ძალაში შევიდოდეს ქართულის, როგორც მეორე ენის სტანდარტი. როცა ეს სტანდარტი მისაწვდომი გახდება სკოლებისთვის, მაშინ სასურველია, სწორედ ამ სტანდარტის მოთხოვნებს ესადაგებოდეს გამოცდის მოთხოვნები.


შეიცვალა თუ არა სასწავლო პროგრამა ქართულის, როგორც არამშობლიური ენის სწავლებისას. არაქართველ ბავშვებს ქართულის ცოდნაში სხვადასხვა დონე აქვთ, განსხვავება ძალიან დიდია, იმის მიხედვით თუ სად სახლობენ ისინი (მაგ. კომპაქტურად დასახლებულები). რა იგეგმება ამ მიმართულებით. როგორია განათლების სამინისტროს პოზიცია? ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა უკვე შემუშავებულია და საკმაოდ განსხვავდება ქართულის, როგორც მშობლიური ენის სასწავლო გეგმისგან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: კითხვის დამსმელი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მიუთითებს განსხვავებაზე დასახლების ადგილის და გარემო პირობების მიხედვით. ამ პრობლემაზე განათლების სამინისტრო მუშაობს და უახლოეს ხანში შემუშავდება სათანადო რეკომენდაციები.

დანერგვის კლასებში მიღებულია მშობლიური ენის და ლიტერატურის საერთო ქულით შეფასება. გამოვიყენოთ თუ არა იგივე პრაქტიკა სხვა კლასებში?
როგორც ჩანს, წერილის ავტორისთვის მისაღები და მოსახერხებელია მშობლიური ენის და ლიტერატურის საერთო ქულით შეფასება.
წლევანდელ სასწავლო წელს VII და X კლასების გარდა მშობლიური ენის და ლიტერატურის სწავლება ხორციელდება ძველი სასწავლო გეგმით, რომლის მიხედვითაც ისინი განსხვავებული საგნებია. Aაქედან გამომდინარე, ამ საგნებში ნიშნები დაიწერება ისე, როგორც ადრე ხდებოდა, მხოლოდ ათქულიანი შეფასების სკალით. მომავალ სასწავლო წელს იგივე ცვლილებები განსახორციელებელი იქნება VIII და XI კლასებშიც.
მაგრამ, თუ მასწავლებელი ახერხებს ამ საგნების ინტეგრირებულ სწავლებას, მაშინ შესაძლებელია მოსწავლე შეფასდეს ერთი ნიშნით, ისევე როგორც ეს ხდება იმ კლასებში, რომლებშიც სწავლება მიმდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით. ვფიქრობთ, სხვა კლასებში ამ პრაქტიკის გამოყენება დასაშვებია, თუმცა ეს უნდა შევათანხმოთ კათედრასთან.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე       ganatleba.org -> საგნობრივი საკითხები All times are GMT
გვერდი ნომერი 1(სულ - 1)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You cannot download files in this forum