FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   Login to check your private messagesLogin to check your private messages   LoginLogin 

დაწყებითი საფეხური

 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    ganatleba.org -> საორგანიზაციო საკითხები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Wed Jun 20, 2007 3:25 pm    წერილის სათაური: დაწყებითი საფეხური პასუხი ციტირებით

წინასიტყვაობა
(შეფასება პირველი კლასელებისთვის - I ტრიმესტრი)

პირველიდან მეოთხე კლასამდე ყოველი ტრიმესტრის ბოლოს მოსწავლეთა შესაფასებლად ქულების ნაცვლად იწერება თითოეული მოსწავლის დახასიათება (კომენტარები). ასეთი ტიპის შეფასება ძალიან ზუსტ ინფორმაციას აწვდის მშობელს, მოსწავლესა და რაც მთავარია, მასწავლებელს, რომელსაც უადვილებს სასწავლო პროცესის შემდგომ დაგეგმვას.
პირველი კლასი ერთ-ერთი ყველაზე რთული კლასია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგნობრივ პროგრამებში მოცემულია წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს ყოველი ტრიმესტრის ბოლოს თავისი ეტაპობრივი ამოცანების გამოყოფა და ამ ამოცანების შესაბამისი დახასიათების დაწერა. ინფორმატიული კომენტარების დასაწერად სასურველია დაკვირვების ცხრილების წარმოება. პირველი ტრიმესტრი I კლასში, ძირითადად, ეძღვნება მოსწავლეთა სკოლასთან შეგუებასა და წერა-კითხვისთვის მომზადებას. ჩვენ შეგნებულად ვარიდებთ თავს ქართულ ენაში კითხვის, წერის და ზეპირმეტყველების მიმართულებების შეფასებაზე საუბარს, რადგან წერა-კითხვის დაუფლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის შედეგებიც პირველივე ტრიმესტრში ძნელი შესაფასებელია. მაგალითისათვის წარმოგიდგენთ იმ უნარების ჩამონათვალს, რომელიც წერა-კითხვის მოსამზადებელ ეტაპზე მნიშვნელოვანია და დაგეხმარებათ დაკვირვების ცხრილის შემუშავებაში.
წერა-კითხვის პროცესში მონაწილეობს შემდეგი უნარები:
•სამეტყველო, რომელიც უზრუნველყოფს გამოთქმას;
•სმენითი, რომელიც უზრუნველყოფს ლაპარაკის გაგებას;
•მხედველობითი, რომელიც უზრუნველყოფს დაწერილი სიტყვებისა და ასოების გარჩევას;
•მოტორული, რომელიც უზრუნველყოფს წერისათვის აუცილებელ მოძრაობების ათვისებას.

იმისათვის რომ წერა-კითხვის პროცესში ამ ოთხმა უნარმა ერთდოულად და ეფექტურად იმუშაოს, აუცილებელია, თითოეული მათგანის ცალ-ცალკე გავარჯიშება. ამიტომ, პირველი ტრიმესტრის მანძილზე მიმდინარე შეფასებისას სასურველია, მასწავლებელი დააკვირდეს სწორედ ამ უნარების განვითარებას და ამის მიხედვით აწარმოოს დაკვირვების ცხრილები.
სამეტყელო უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია:
•ბგერებისა და სიტყვების სწორი გამოთქმა
•მდიდარი ლექსიკური მარაგი

სმენითი უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ფონემატური ანალიზი და სინთეზი:
•სიტყვის ბგერებად დაშლა და შედგენა
•სიტყვაში პირველი ბგერის გამოყოფა
•მოცემულ ბგერაზე დაწყებული სიტყვების დასახელება
•და სხვა ამისი მსგავსი სავარჯიშოების შესრულება

მხედველობითი უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია:
•საგნის, ან ილუსტრაციის ფორმის ცნობა
•საკუთარი სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების გარჩევა.
•გარემომცველი ობიექტების მიმართების ცოდნა საკუთარ თავთან (ზევით, ქვევით, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ)
•გარემომცველი ობიექტების მიმართების ცოდნა ერთმანეთთან

მოტორული უნარების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია
•გაფერადება
•დაშტრიხვა
•წვრილი საგნების დალაგება გარკვეული პრინციპით
•ხატვა
•სხვადასხვა ტიპის ხაზის გავლება წერტილებზე
•სხვადასხვა ტიპის ხაზის გავლება წერტილების გარეშე, ანუ ფორმის კოპირება

ზემოთ ჩამოთვლილი უნარების დაკვირვება სხვა საგანშიც შეიძლება. ამას გარდა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, აუცილებელია დააკვირდეთ და შეაფასოთ მოსწავლის სკოლასთან შეგუების დონე. (მოსწვლის აქტიურობა-ჩართულობა, ორგანიზებულობა (ინსტრუქციის მიდევნა), ქცევის ნორმების დაცვა თანაკლასელებთან ურთიერთობა). ასევე, სასურველია, სხვა სასწავლო საგნებისთვის სპეციფიკური უნარების განვითარების დონის აღწერაც.
ამ საკითხებზე დაყრდნობით, შეიძლება კომენტარების დაწერა გაგიადვილდეთ და უფრო ეფექტიანად აღუწეროთ მშობლებს, თუ რა მდგომარეობა აქვთ მათ შვილებს სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით. ყოველივე ეს მიაწოდეთ მშობელს გასაგები ენით, რადგან სპეციფიკური ენით დაწერილი კომენტარების შინაარს, სავარაუდოდ ისინი ვერ გაიგებენ.
მოერიდეთ ნეგატიურ დახასიათებას. აღნიშნეთ, რა შესძლო მოსწავლემ და არა ის, რა არ გამოსდის. მაგალითად: ნაცვლად - "ვერ კითხულობს კარგად გამართულად", ჯობია - "კითხულობს ნელა, ასო-ასო."
დაწყებითის მასწავლებლები აქამდეც აკვირდებოდნენ და დიდ ყურადღებას აქცევდნენ მოსწავლეების განვითარებას. ახლა, მათ განხვავებული ფორმით უწევთ თავიანთი დაკვირვების შედეგების თავმოყრა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ნიმუშები გაგიადვილებთ ახალი ფორმების ათვისებას.
დაწყებით კლასებში შეფასების ნიმუშებს მომდევნო ტრიმესტრებისთვის მოგაწოდებთ გაზეთის შემდეგ ნომრებში.

დაწყებითი კლასის შეფასება (II ტრიმესტრი)

I კლასის II ტრიმესტრში მოსწავლეთა შეფასებისას სასურველია, გავითვალისწინოთ მათი განვითარების განსხვავებული ტემპი. აქედან გამომდინარე შევინარჩუნოთ სწავლების ამოცანები, რომელიც პირველ ტრიმესტრში იყო დასმული და დავამატოთ ახალი საგნობრივი სპეციფიკის შემცველი ამოცანები. ამჯერად, გთავაზობთ ქართულ ენაში წერა-კითხვის შეფასების ერთ-ერთ მოდელს.
წერა
წერის დროს მასწავლებელი უკვე აკვირდება გადაწერას. გთავაზობთ გადაწერის შეფასების ერთ-ერთ ნიმუშს.
გადაწერაში ჩანს წერის ტექნიკა - მოტორიკის განვითარების დონე.
წერის ტექნიკა
•ასოს პროპორციების დაცვა
•ასოებსა და სიტყვებს შორის მანძილის დაცვა
•ასოს ერთი მოსმით გამოწერა

ამასთან მიმდინარე შეფასების დროს დააკვირდით მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
შეცდომების სახეები
•ასოს სარკისებური მოხაზულობა
•ასოს გამოტოვება
•ასოს შეცვლა
•სიტყვის არასწორად დაწერა
•სიტყვის გადაადგილება

ინფორმაცია შეცდომების შესახებ მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ საკუთარი საქმიანობის დასაგეგმად და არა მშობლისთვის, ან მოსწავლისთვის მისაწოდებლად. მოსწავლის სიტყვიერი შეფასებისას აღნიშნეთ მოსწავლის წარმატება და მიღწევა. ასევე მიეცით ზუსტი მითითებები იმისათვის, თუ რა უნდა გააკეთოს მან უკეთესი შედეგის მისაღწევად.

მაგალითად: ნინო, შენ ლამაზად გადაწერე ეს წინადადება, ასოებს შორის მანძილი დაცულია, სამი სიტყვა სწორად გადაგიწერია, ამ სიტყვაში შეცდომაა, დააკვირდი ნიმუშს და იპოვე შენი შეცდომა.
თუ მოსწავლე ხშირად უშვებს შეცდომას და ძ-ს მაგივრად წერს ხ-ს, მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა გზას მიმართოს, ერთერთი გზა ასეთია: რვეულის მინდორზე დასვას ნიშანი, მაგალითად ვარსკვლავი და აუხსნას მოსწავლეს, რომ ძ-ს მუცელი აქვს ვარსკვლავისკენ, შემდგომში მოსწავლეს შესთავაზოს, რომ ეს ვარსკვლავი დახატოს რვეულის სხვა გვერდებზე ზედა მარჯვენა კუთხეში.
ამ ტიპის შეცდომას (სარკისებური გამოსახულება) მოსწავლეთა ნაწილი შეიძლება რამდენიმე წელი უშვებდეს. ამ დროს სასურველია მასწავლებელმა იმუშაოს შეცდომის გამომწვევ მიზეზებზე. იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ტიპის შეცდომებს, მხედველობითი, მოტორული და სივრცითი (იხ. დიალოგი ¹5 წინასიტყვაობა).
კითხვა
კითხვის ტექნიკის შეფასებისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ მომენტებს _ როგორ კითხულობს მოსწავლე, რა მიზეზით აკეთებს პაუზებს და როგორ აგრძელებს, როცა უწევს სხვისი წაკითხულის გაგრძელება.
კითხულობს
მთლიანი სიტყვებით
მარცვალ - მარცვალ
ასო – ასო
გაგრძელება
დამოუკიდებლად სწორად
მასწავლებლის დახმარებით
შეცდომით
პაუზების მიზეზები
პუნქტუაციის მიხედვით
სიტყვის შესაერთებლად
სიტყვის მოსაძებნად

ამასთან მიმდინარე შეფასების დროს მასწავლებელი უნდა დააკვირდეს მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ინფორმაცია შეცდომების შესახებ მხოლოდ მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის დასაგეგმად და არა მშობლისთვის ან მოსწავლისთვის მისაწოდებლად.

შეცდომების სახეები
ასოს გამოტოვება
ასოს შეცვლა
სიტყვის შეცდომით წაკითხვა
სიტყვის გამოტოვება
სტრიქონის გამოტოვება

მოსწავლის სასწავლო შედეგებზე მოქმედებს სკოლასთან შეგუების დონეც. მოსწავლეს ამ მიმართულებითაც ემატება ახალი ამოცანები. მაგალითად ამ დროს მასწავლებელი აკვირდება, რამდენად იცავს მოსწავლე იმ წესებს, რომელსაც მასწავლებელი აწოდებს, (რვეულის გაფორმება, წიგნის მოხმარება და ა.შ.). ცდილობს გამოარკვიოს, რატომ ვერ ასრულებს მოსწავლე ინსტუქციას, თავად ინსტრუქცია არ ესმის, თუ უჭირს საკუთარი თავის მართვა და ვერ ახერხებს წესის დაცვას. თუ დააკვირდებით მოსწავლის ორგანიზებულობას სხვადასხვა საგანში, ადვილად იპოვით იმ გზას, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში. შეადგინეთ დაკვირვების ცხრილი იმ პუნქტების გათვალისწინებით, რაც საერთოა ყველა საგნისათვის. მაგალითად აქტიურობა ჩართულობა, ორგანიზებულობა (ინსტრუქციის მიდევნა), ქცევის ნორმების დაცვა, თანაკლასელებთან ურთიერთობა. ცხრილის ანალიზი, სხვადასხვა გაკვეთილებზე მოსწავლის ქცევის შედარების საფუძველზე გაგიადვილდებათ ახალი სტრატეგიების დასახვა.

დაწყებითი კლასის შეფასება (III ტრიმესტრი)

რატომ არის გამართლებული დაწყებით კლასებში მოსწავლეთა შესაფასებლად ქულების ნაცვლად დახასიათება? როგორც წინა ნომრებში აღვნიშნეთ, I კლასი ძირითადად ემსახურება სკოლასთან შეგუებას. ამ დროს ყველა მოსწავლე ერთდროულად არ ავლენს თავის შესაძლებლობებს. იმ უნარების განვითარება-ჩამოყალიბება რომელიც I კლასში იწყება, შეიძლება II ან თუნდაც III კლასის ბოლოს დასრულდეს. ამ დროს უარყოფითი შეფასებები მოსწავლისთვის კიდევ ერთ დამაბრკოლებელ ბარიერს ქმნის. თითოეულ საგანში გამოყოფილი მიმართულებები, კომპონენტები, და შემდგომ კიდევ უფრო დაწვრილებითი დაკვირვების ცხრილები (შეფასების კრიტერიუმები), შემფასებელი მასწავლებლის წინაშე მოსწავლის ცოდნისა და უნარების გამოვლინების ფართო სპექტრს გადაშლის. ეს შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს მოუძებნოს დადებითი მახასიათებლები. მოსწავლის დახასიათება სწორედ ამ დადებითი ელემენტებისგან უნდა შევადგინოთ. რაც შეეხება, იმ პუნქტებს, რომელსაც მოსწავლე ვერ ძლევს. ეს ინფორმაცია არის მასწავლებლისთვის განკუთვნილი მისი შემდგომი საქმიანობის დასაგეგმად. მაგალითად ნაწერების ანალიზის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია გამოყოს მოსწავლეთა ორი ჯგუფი, პირველი - რომელიც შეცდომებს უშვებს, იმის, გამო, რომ მოტორიკა არა აქთ კარგად განვითარებული, მეორე - იმის გამო უშვებს შეცდომებს, რომ ფონემატური ანალიზი უჭირს (მოსწავლეს ესმის სიტყვა, მასში ვერ გამოყოფს საწყის და შემადგენელ ბგერებს, ვერ განარჩევს ფონემატურ წყვილებს ერთმანეთისაგან (მაგ; ბ,პ,ფ)). სასურველია, მასწავლებელმა ამ ჯგუფებს მისცეს შესაბამისი უნარების განსავითარებელი სავარჯიშოები.
სასურველია, III ტრიმესტრში შევინარჩუნოთ სწავლების ამოცანები, რომელიც მეორე ტრიმესტრში იყო დასმული და დავამატოთ ახალი საგნობრივი სპეციფიკის შემცველი ამოცანები. წერის მიმართულებაში შეიძლება უკვე დავამატოთ კარნახი და კითხვებზე პასუხი.

კარნახის შეფასებისას შეიძლება დავაკვირდეთ შემდეგ უნარებს:
1.სმენითი (ფონემატური)
2.სივრცითი
3.მოძრაობა (მოტორული)
4.თვითმართვა
5.ნასწავლი გრამატიკული და ორთოგრაფიული წესების დაცვა

სმენითი უნარების განვითარება უზრუნველყოფს ლაპარაკის გაგებას და ვლინდება შემდეგი სახის შეცდომებში:
სიტყვაში:
1.ასოს გამოტოვება
2.გადანაცვლება
3.შეცვლა (შეიძლება იყოს სივრცითი უნარების მოუმწიფებლობის შედეგი ასოების სარკისებური გამოსახულება: ძ-ხ)
4.ჩამატება

სივრცითი უნარების განვითარება უზრუნველყოფს ნაწერის ფურცელზე სწორად განთავსებას (ფურცელზე სტრიქონების, სტრიქონებში სიტყვების და სიტყვებში ასოების სწორად განაწილებას და შესაბამისი მანძილების დაცვას).
ვლინდება შემდეგი სახის შეცდომებში.
1.სიტყვების ერთმანეთზე მიწებება, ან ზედმეტად დაშორება
2.წინადადებების ერთმანეთზე მიწებება, ან ზედმეტად დაშორება
3.სტრიქონის გამოტოვება
4.მინდვრის დაუცველობა
5.ასოების პროპორციისა და მოხაზულობის დარღვევა

მოტორული უნარების განვითარება უზრუნველყოფს კარგ კალიგრაფიას. ვლინდება შემდეგი სახის შეცდომებში:
1.აკანკალებული ხაზით ნაწერი
2.სიტყვების გამოტოვება
3.ფანქრის, ან კალმის ზედმეტად დაჭერა
4.ასოების მომრგვალების ნაცვლად კუთხის გამოყვანა

თვითმართვის უნარები უზრუნველყოფს ქცევის დამოუკიდებელ კონტროლს. ვლინდება შემდეგი სახის შეცდომებში:
1.საკუთარ ნაწერში შეცდომის ვერ დანახვა
2.შეცდომების რაოდენობის გაზრდა სამუშაოს ბოლოს'
3.მასწავლებლის ინსტრუქციის არასრულფასოვანი შესრულება

ნასწავლი გრამატიკული წესების დაცვა წარმოადგენს მოსწავლის ცოდნის გამოვლინებას, რამდენად აქვს მას ჩვევაში გადასული მართლწერის სხვადასხვა წესები. მაგალითად:
1.გადატანა
2.აბზაცის გამოყოფა
3.ელემენტარული პუნქტუაციის დაცვა და ა.შ ის წესები რასაც მასწავლებელი ასწავლის.

თუ მოსწავლეები წერენ კითხვებზე პასუხს, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები ძალაში რჩება და მასწავლებელი აკვირდება კიდევ ერთ უნარს _ მოსწავლის აზროვნებას.
1.ადეკვატური პასუხის გაცემა
2.სრული პასუხის გაცემა.

ჩვენს მიერ მოწოდებული შეფასების კრიტერიუმები ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ პროგრამას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. აუცილებელია, თქვენც გამოიყენოთ ის შედეგები და ინდიკატორები, რომელიც მოცემულია სასწავლო გეგმაში, დაკვირვების ცხრილების შესადგენად. თუ თქვენი დახასიათებები ძირითადად დადებითი კომენტარებით იქნება აგებული, ეს აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და უზრუნველყოფს მათ მაღალ შედეგებს მომავალში.


მიზანშეწონილია თუ არა პირველ კლასში საგნობრივი დაყოფა მასწავლებლების მხრივ?
პირველი კლასის საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, მისი სწავლება თავისთავზე შესაძლოა აიღოს ერთმა პედაგოგმა.
I კლასი გარემოსთან ადპტაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. იგი სხვა რეჟიმით ცხოვრობდა და ცდილობს თავისი სოციალური სტატუსის გარკვევას. ერთი მასწავლებლის პირობებში, ეს პროცესები უფრო ადვილდება და იოლი ხდება სოციალური გარემოს განზოგადება.
მასწავლებელს, რომელიც პირველ კლასში შედის, უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი კვალიფიკაცია და იცოდეს ამ ასაკის ფსიქოლოგია, რომ მოსწავლეებს არასწორედ არ ჩამოუყალიბოს ჩვევები და არ დაურღვიოს ცნებათა სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში საგნობრივ სპეციალისტს დასჭირდება დროის დაკარგვა არასწორად შემუშავებული ჩვევების გადასაწყობად, რათა ეს საგნობრივ სპეციფიკას დაუახლოვოს.
თუკი I კლასში ორი, ან მეტი მასწავლებელი შედის, აუცილებელია, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა მოსწავლეთა სკოლასთან ადაპტაციის გასაიოლებლად.
პირველი რიგის ამოცანა სწორედ ახალ გარემოსთან ადაპტაცია და შემდეგ საგნობრივი ჩვევების გამომუშავებაა.
მასწავლებლებს შორის უნდა იყოს ხშირი კავშირი, უნდა დააკვირდნენ მოსწავლის ქცევას, მათ საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად უნდა გამოავლინონ სასწავლო და პიროვნული პრობლემები.
ეს ეტაპი არის მომავალი სწავლებისათვის უმნიშვნელოვანესი.
უკვე დაწყებითი სკოლის მაღალ კლასებში (V-VI კლასები) მიზანშეწონილია სპეციალიზირებული ცოდნის და გამოცდილების მქონე სხვადასხვა მასწავლებლის შესვლა, რათა მოსწავლეებს ეროვნულ სასწავლო გეგმებში დასახული შედეგები მიაღწევინონ. თუმცა აღნიშნული საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია.


არ მიმაჩნია სწორად, I კლასში ექვსი წლის ბავშვი საგნობრივი პრინციპით სწავლობდეს და ერთდროულად ურთიერთობა ჰქონდეს რამდენიმე პედაგოგთან. მათ უჭირთ შეგუება.
თქვენი მოსაზრება ძირითადად სწორია, ამ ასაკის ბავშვებისათვის რთულია სასკოლო გარემოსთან შეგუება, როდესაც ურთიერთობს მრავალ მასწავლებელთან. ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს ასეთ აუცილებლობას. სასურველია, დამრიგებელი ასწავლიდეს საგანთა უმეტესობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მუშაობისას საგნობრივად სწავლებასაც დადებითი შედეგი მოაქვს


მშობლების მოთხოვნით თუ შეუძლია სკოლას პირველ კლასში ორი უცხო ენის სწავლების დაწყება?
გასაგებია, რომ ყველა მშობელი დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი უცხოური ენა ასწავლოს თავის შვილს. სკოლა ბუნებრივია, ითვალისწინებს მათ სურვილს და ეს გასაგებიცაა.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. უცხო ენის სწავლებას ახალი გეგმით მოსწავლე დაიწყებს მესამე კლასში, ხოლო მეშვიდეში მეორე უცხო ენა დაემატება. ეს ცვლილება განაპირობა რამდენიმე მოსაზრებამ. მოსწავლეს უჭირს ადრეულ ასაკში სასკოლო გარემოში უცხო ენის შესწავლა, რადგან მას მხოლოდ გაკვეთილზე აქვს ამ ენასთან შეხება, ამავე დროს მისი გამოყენების რეალურ საჭიროებას ის ვერ ხედავს. ასევე იმისთვის, რომ ენის სწავლება წარმატებული იყოს დაწყებით საფეხურზე, საჭიროა, რომ მასწავლებელი უნდა ფლობდეს ადრეულ ასაკში ენის სწავლების მეთოდიკას, მის სპეციფიკას, თავისუფლად უნდა მეტყველებდეს უცხო ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეს უარყოფითი დამოკიდებულება განუვითარდება საგნის მიმართ, რაც სწავლაში წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ მხრივ, განსაკუთრებულად საფრთხილოა პირველი და მეორე კლასები. არასწორმა მიდგომებმა შეიძლება მოსწავლეზე დამთრგუნველად იმოქმედოს. ასევე სწავლება რომ ეფექტური იყოს, სასურველია მას კვირაში 3 საათი მაინც ეთმობოდეს.
დაწყებით საფეხურზე მოზარდები ძალიან ნელა ითვისებენ ენას. მართლაც, ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საბაზო საფეხურზე სწავლების მეორე წელს, ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციის თვალსაზრისით, ერთ დონეზე დგანან ის მოსწავლეები, რომლებიც დაწყებითი სკოლიდან სწავლობდნენ ენას და ისინი, რომლებმაც იმავე ენის სწავლა VII კლასიდან დაიწყეს. ასე რომ, საბაზო საფეხურზე, როცა ჩამოყალიბებულია სიტყვიერი და ცნებითი აზროვნება, მოსწავლეები წარმატებით და გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იძენენ უცხო ენაზე ენობრივ-კომუნიკაციურ უნარებს. ასე რომ, გავრცელებული შეხედულება თითქოს მით უკეთ ისწავლი ენას, რაც უფრო ადრე დაიწყებ, ყველა შემთხვევისათვის არ ამართლებს.
თუმცა ადრეულ ასაკში ენის სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის საერთო განვითარებას, მის ზიარებას უცხო კულტურასთან.


შესაძლებელია თუ არა დაწყებით კლასებში შემოღებული იქნას შეფასება "არ ჩაეთვალა"?
დაწყებით კლასებში მოსწავლეების შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მიმართავდეს პოზიტიურ კრიტიკასა და პოზიტიურ შეფასებებს კომენტარების დაწერისას. რაც შეეხება შეფასებას "არ ჩათვლა", ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ რედაქციაში ამოღებულია შეფასების ასეთი ფორმა. შემაჯამებელი შეფასებისას დაწყებით კლასებში არც ნიშანი და არც ჩათვლა/არ ჩათვლა იწერება.
რაც შეეხება მიმდინარე შეფასებას მასწავლებელს კლასთან შეთანხმებით შეუძლია აარჩიოს სიმბოლო, რომელსაც ის მიმართავს საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობების ჩატარებისას. შესაძლებელია სიმბოლო არ იყოს პიქტოგრამა, არამედ იყოს რაიმე პოზიტიური სიტყვა, როგორიცაა "ყოჩაღ", "კარგია".

I – II კლასში წასახალისებლად გამოიყენება სხვადასხვა სიმბოლოები. III – IV კლასში მისაღებია თუ არა ასეთი მეთოდი, თუ არ არის რას უნდა მივმართოთ?
მთავარი არის კომენტარები, რაც შეეხება სიმბოლოების შერჩევას, უმჯობესია სიმბოლო მასწავლებელმა კლასთან შეათანხმოს. შესაძლებელია ეს იყოს "ყოჩაღ", "კარგია", ან სხვა რაიმე პოზიტიური სიტყვა. ასეთი სიტყვები მრავალი დაწყებითის მასწავლებლის მიერ კარგად არის აპრობირებული.


როგორ ფიქრობთ დაწყებით კლასებში აუცილებელია თუ არა გადაბმით წერა?

ამ საკითხზე დაწყებითი სკოლის სპეციალისტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ზოგი საერთოდაც გაუმართლებლად მიიჩნევს გადაბმით წერის დაჩვევას... ვფიქრობთ, აუცილებლობის თეზა უნდა მოიხსნას: მასწავლებელმა თავად გადაწყვიტოს.

დაწყებით კლასში როგორია წერითი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები?
დაწყებით კლასებში მოსწავლეები გადიან სხვადასხვა საგნებს. ხშირ შემთხვევაში მათ ერთი მასწავლებელი ასწავლის. შეფასების კრიტერიუმების შედგენისას ყველა საგანში გათვალისწინებული უნდა იყოს გამჭოლი (საგნებისათვის საერთო) უნარები და კონკრეტული საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე კრიტერიუმები უნდა დაემატოს.
კარგად შერჩეული კრიტერიუმები გაუმარტივოს მასწავლებლებს კომენტარების წერის პროცესი, ამიტომ მათი მორგებულად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.


საჭიროა დაწყებით კლასებში დაიწეროს საკონტროლო წერის ნიშანი ჟურნალში ან რვეულში (თუკი არ იწერება ქულები)?
ამ შემთხვევაში, არ არის განსხვავება ნიშანსა და ქულას შორის. როდესაც საუბარია, რომ პირველ ოთხ კლასში შეფასებისას იწერება მხოლოდ კომენტარები, გულისხმობს, რომ ნიშნის დაწერას, თუნდაც საკონტროლო წერაში არ აწარმოებთ. შეიძლება შემოღებული იყოს, კლასთან შეთანხმებით, სხვადასხვა პირობითი აღნიშვნები (პიქტოგრამები) წარმატებული ნაშრომებისთვის. მაგ. ზოგი მასწავლებელი მზეებს იყენებს, ზოგი ვარსკვლავებს, ზოგი გაღიმებულ სახეებს უხატავს... მაგრამ მთავარია, რომ მოსწავლეს ავუხსნათ, თუ რა არის მის ნაშრომში მოსაწონი და რას ჭირდება გაუმჯობესება.


შეიძლება თუ არა, I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა იყოს 40 წუთი?
არ შეიძლება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით დასაშვები გაკვეთილების ხანგრძლივობა პირველ კლასში 35 წუთია. მოსწავლეთა ზრდის პარალელურად გაიზრდება გაკვეთილის ხანგრძლივობა.


გაზეთი დიალოგის მე-5, მე-6 და მე-7 ნომრებში დაიბეჭდა "შეფასება პირველკლასელებისთვის", მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდეთ იგივე ინფორმაცია მათემატიკის სწავლებასა და შეფასებასთან დაკავშირებით. გვაინტერესებს პირველი სამი კლასი!
ჩვენი აზრით, დაწყებითი კლასების მათემატიკის კურსი და მისი გადაცემის მეთოდიკა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთათვის ძირითადად შემდეგი უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას: კომუნიკაცია, აზროვნება/მსჯელობა და კონსტრუირება. კომუნიკაციის უნარი გულისხმობს ტერმინოლოგიის, მათემატიკური აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამოყენებას როგორც წერისას, ასევე ზეპირი მეტყველებისას (მაგ. რიცხვების დასახელება და ჩაწერა, ფიგურების აღწერა ტერმინოლოგიის გამოყენებით, მათემატიკური სიმბოლოების ცოდნა და ადეკვატურად გამოყენება და ა.შ.); მსჯელობის უნარში უნდა ვიგულისხმოთ ამოცანის შინაარსის გაგება, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, კომპლექსური (რთული) ამოცანის დაყოფა საფეხურებად, მარტივ ამოცანებად და ეტაპობრივად გადაჭრა; კონსტრუირების უნარი მოიცავს გეომეტრიული ობიექტების გამოსახვას (დახაზვა, მოდელის დამზადება), სხვადასხვა მანიპულაციებს გეომეტრიული ობიექტების მეშვეობით (მაგ. ასანთის ღერების განლაგება რაიმე, განსაზღვრული სქემის მიხედვით, მრავალკუთხედის გამოსახულებაში მონაკვეთების გავლება სპეციალური მითითების შესაბამისად და ა.შ.). ამრიგად, დაწყებითი კლასის მათემატიკის მასწავლებელმა სასურველია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი უნარები აირჩიოს შეფასების ძირითად კომპონენტებად. ასე დაგეგმილი შეფასების სტრატეგია ზუსტად ასახავს შეფასების მიზანს - მიეხმაროს მასწავლებელს საღად შეაფასოს სწავლების პროცესის ნაკლოვანი და წარმატებული მხარეები და უკეთ დაგეგმოს თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესი.


რა დროს უნდა მოიცავდეს დასვენებები I კლასში?
დასვენებების ხანგრძლივობა პირველ კლასში არ უნდა იყოს ათ წუთზე ნაკლები!


უნდა მიეცეთ თუ არა პირველკლასელებს საშინაო დავალება? თუ კი, რა დოზით? აუცილებელია კალიგრაფიულ რვეულში საკლასო წერის შესრულება?
ორივე კითხვაზე პასუხი ერთგვარია: მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, რა ესაჭიროება მის მოსწავლეს (თუ მოსწავლეებს): ზოგისთვის კლასში მუშაობაც საკმარისია, ზოგიერთი მოსწავლისთვის მიზანშეწონილია ვარჯიში კალიგრაფიაში... აქ აუცილებლობაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Sat Jul 21, 2007 2:28 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 11
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Thu Jun 21, 2007 12:52 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

რატომ არ ეხება მაღალ კლასებს, თუნდაც დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა რიცხოვნების შემცირების აუცილებლობა? მცირე კლასებში მუშაობა ხომ უკეთეს შედეგებს იძლევა?
მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განმსაზღვრელი წესი ეხება მხოლოდ 2005–06 სასწავლო წელს სკოლაში მოსულ პირველ კლასელების ორგანიზებას და ყოველ შემდგომ თაობას, ანუ 2006–07 სასწავლო წელს ეხება პირველ და მეორე კლასელებს, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაუმჯობესდება მდგომარეობა.
მცირე კლასებში ეფექტური მუშაობა რა თქმა უნდა არ არის საკამათო, მაგრამ უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების ან მასწავლებლების სკოლიდან დათხოვას.


არის თუ არა საჭირო სკოლაში შეიქმნას ცალკე დაწყებითის კათედრა, თუ გაერთიანდეს საგნობრივ კათედრებთან?
თუკი სკოლის პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტს, რომ სასწავლო პროცესის უკეთესი ორგანიზებისთვის უმჯობესია დაწყებითი კათედრის დამოუკიდებლად არსებობა, მაშინ ასეთი კათედრა უნდა შეიქმნას. საგნობრივ მასწავლებლებს ერთდროულად შეუძლიათ იყვნენ ორი (და მეტი) კათედრის წევრები. არ იკრძალება, საგნობრივმა კათედრებმა შეითავსონ დაწყებითის ფუნქციებიც.


აუცილებელია თუ არა დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე გადასვლა და ვისი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ეს?
არ არსებობს არცერთი მოთხოვნა, რომელიც აიძულებდა სკოლებს საგნობრივ სწავლებაზე გადავიდეს დაწყებით სკოლებში. საგნობრივ სწავლებაში იგულისხმება პრინციპი, როდესაც სხვადასხვა საგნის სპეციალისტი ასწავლის დაწყებითში მოსწავლეებს. ყველა სკოლას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, თუ რამდენად უღირს, რომ ჰქონდეს სისტემა სადაც ერთი მასწავლებელი ასწავლის მრავალ საგანს დაწყებით კლასებში, ან სისტემა, სადაც სხვადასხვა საგანს სხვადასხვა პედაგოგი ასწავლის. გადაწყვეტილებას იღებს სკოლა და არა რესურსცენტრი, ან სამინისტრო. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გვახსოვდეს ის, რომ თუ დაწყებით კლასებში შევლენ საგნის სპეციალისტები, რომლებსაც არ აქვთ მცირე ასაკის მოსწავლეებთან ურთიერთობისათვის შესაბამისი პედაგოგიური განათლება, მათ ასაკობრივი თავისებურებების გასათვალისწინებლად კოლეგა დაწყებითის მასწავლებლებისგან მნიშვნელოვანი პედაგოგიური დახმარება დაჭირდებათ.

ვარ ფილოლოგი, ვმუშაობ დაწყებითი კლასების მასწავლებლად. მაქვს 2 წლის პედაგოგიური გამოცდილება. მაქვს თუ არა უფლება გავაგრძელო დაწყებით კლასებში პედაგოგობა?რა თქმა უნდა თქვენ ამის უფლება გაქვთ.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Thu Jul 19, 2007 1:09 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 3
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Thu Jun 21, 2007 12:54 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

როგორ შეიძლება I კლასში საპილოტე პროგრამის გავლა, თუკი აქვე სხედან II, III კლასელები?
კლასკომპლექტში პირველკლასელებთან ერთად არ უნდა ისხდნენ მეორე კლასელები, რადგან ასაკობრივად ასეთი მცირე განსხვავების გამო მათ შესაძლებელია, აერიოთ ნასწავლი მასალა. ეს განსაკუთრებით არასასურველია მეორეკლასელებისთვის, რადგან მათ ჯერ არ აქვთ გამყარებული ნასწავლი ცნებები და, ზოგადად, მასალა. კლასკომპლექტში ერთად უნდა ისხდნენ I და III, II და IV კლასელები. დანერგვის კლასებში შედეგების მისაღწევად მასწავლებლებმა უნდა ისარგებლონ იმავე ხერხებით და მეთოდებით, რომლებსაც აქამდე იყენებდნენ. ორ კლასზე მეტი მოსწავლის ერთ კლასკომპლექტში ყოფნა დაუშვებელია, რადგან შეუძლებელი გახდება შედეგების ხარისხიანად მიღწევა.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Thu Jun 21, 2007 12:56 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Thu Jun 21, 2007 12:54 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

საპილოტე პროგრამით რამდენი ბავშვია აუცილებელი, რომ კლასკომპლექტში I საპილოტე კლასი ცალკე კლასად ჩამოყალიბდეს?
დანერგვის პროგრამა არ ითვალისწინებს პირველი კლასის აუცილებელ გამოყოფას ცალკე კლასად. შედეგების მიღწევა კლასკომპლექტში უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია.


როგორც მე ვიცი, I-II კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25-ს. სტანდარტის ეს ნორმა დარღვეულია სკოლებში. ხომ არ არის ამის მიზეზი დადგენილი ნორმის შეცვლა?
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (#727) საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დატვირთვის მოწესრიგების მიზნით საჯარო სკოლების პირველ და მეორე კლასებში ბავშვთა რეკომენდირებული რაოდენობა 25-ით, ხოლო მაქსიმალური _ 30-ით განისაზღვრა. ცვლილებები "ზოგადი განათლების კანონში" შევიდა 2006 წლის ივლისში.
ამ ცვლილებას საფუძველად დაედო სკოლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობის დადგენა.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Mon Jul 16, 2007 12:40 pm. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 2
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Thu Jun 21, 2007 12:55 pm    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ძველი წესით 10 ბავშვზე ორი კლასკომპლექტი იხსნებოდა. წელს სკოლაში აღმოგვაჩნდა დაწყებით საფეხურზე 9 ბავშვი. როგორ უნდა ვასწავლოთ ახალი გეგმებით, თუკი ერთ კლასკომპლექტში სხედან I, II, III, IV, V და VI კლასელები;
არ შეიძლება, კლასკომპლექტში ერთად ისხდნენ ორზე მეტი კლასის მოსწავლეები.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 10:07 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

პირველ კლასში შეიძლება არ ჩატარდეს ფიზკულტურის გაკვეთილი?
ფიზიკური აღზრდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 12 კლასის მანძილზე სავალდებულო საგანია, აქედან გამომდინარე, ეს საგანი პირველ კლასშიც უნდა ტარდებოდეს.

დაწყებით კლასებში ბუნების გაკვეთილზე გეოგრაფს თუ შეუძლია შესვლა, ის ხომ სხვა კათედრის თანამშრომელია?
გეოგრაფიის მასწავლებელს აქვს საშუალება შევიდეს დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე, რადგან ამ საგნობრივ სტანდარტში ერთ-ერი მიმართულება არის გეოგრაფიული. ერთი კათედრის წევრობა არ გამორიცხავს მასწავლებლის სხვა კათედრის მუშაობაში მონაწილეობას.


მოეთხოვება თუ არა, დაწყებითის მასწავლებელს უცხო ენის სწავლება?
ასეთი სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობს. უბრალოდ, დაწყებითი კლასების მასწავლებლები, რომლებსაც უცხოური ენის სწავლებაც შეეძლებათ, გარკვეული უპირატესობით ისარგებლებენ, უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან.

თუ შეფასება პირობითი ნიშნებით უნდა მოვახდინოთ მეოთხე კლასში (იგივე ეხება წინა კლასებსაც), როგორ წარმოგიდგენიათ ქართულში საკონტროლო წერის შეფასება? იქნებ მოგვცეთ მითითებები.
პირობითი ნიშნების შერჩევა თქვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, მომღიმარე თუ დაღვრემილი კაცუნები ( Very Happy Smile Sad ); სხვა სიმბოლოების გამოყენებაც შეგიძლიათ (ვთქვათ, Sad - უარყოფითი შეფასების «ანალოგი», Smile - «არა უშავს», Very Happy - «კარგი», Very Happy Laughing - ძალიან კარგი...).
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე       ganatleba.org -> საორგანიზაციო საკითხები All times are GMT
გვერდი ნომერი 1(სულ - 1)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You cannot download files in this forum